ელზა პაპოშვილი
09.10.2020

დავით გარეჯის ირგვლივ დაწყებული სკანდალური საქმე გრძელდება და არ არის გამორიცხული, დაკავებების სერია გაგრძელდეს. მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმეში მონაწილე სხვა პირების გამოვლენაც მოხდეს. 

დაკავებულები კი დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ რუკა, რომლის დამალვასაც ედავებიან, საზღვრის დასადგენად გამოუსადეგარია.

პროკურატურის ბრალდებით კი  კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. მათ 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელათ, რომელიც მეცნიერებმა კომისიის სხვა წევრებს დაუმალეს. 

„ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა, ვერ შეიძლება მომხდარიყო. რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია, რომ რაღაც იცის. სინამდვილე კი ის არის, რომ ბერი კირიონის ბრალდებასთან ერთად საქართველოს საქმეს აფუჭებთ, ხალხნო! ეს არის სიბინძურე, რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. კი ბატონო, გადაგორდება ეს არჩევნები, შეიძლება შეიცვალოს, არ შეიცვალოს, მაგრამ ხვალ და ზეგ ხომ უნდა ვუყუროთ ერთმანეთს თვალებში. კი ბატონო, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები,“ - განაცხადა სასამართლოში დაკავებულმა ივერი მელაშვილმა, რომელიც საზღვრის დადგენის კომისიის  თავმჯდომარე იყო.

ბრალდებას უარყოფს მეორე ბრალდებული ნატალია ილიჩოვაც:

„1929 წლის ხელშეკრულებაში პირდაპირ, არამარტო რუკით, არამედ პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ დავით გარეჯის ნაწილს ვკარგავთ და საზღვარი გადის ჩიჩხიტურის კოშკზე. როდესაც ჩემთან სახლში ჩხრეკა ჩატარდა და მასალები ამოიღეს, გაუკვირდათ რატომ გვქონდა ამდენი მასალა? მე იმიტომ მქონდა ამდენი მასალა, რომ ვსწავლობდი და ვიყენებდი მას. რომ არ მქონოდა, შეიძლება არასათანადოდ შემესწავლა იგი.

ჩვენთვის უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს. დღეს, როდესაც სპეციალურ პროგრამაში ზრდი თანამედროვე რუკის მასშტაბს და საუბრობ იმაზე, რომ აქ რაღაცა იკარგება ამის შედეგად, ეს, სულ მცირე, არაკორექტულია," - განაცხადა მან. 

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი  კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ პროკურატურამ მხოლოდ აბსტრაქტული თეორიები წამოაყენა და დაეყრდნო მამა კირიონის ჩვენებას, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებულები სადავო რუკის გამოყენების წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა კონკრეტულ მოტივს არ ასახელებს. 

„მამა კირიონი ამბობს, რომ თითქოს ის შეესწრო ფაქტს, სადაც ორ მხარეს შორის მოლაპარაკების დროს, გარკვეული შეხვედრის დროს სატრაპეზოში თითქოს ეს რუკები, რომელიც დღეს იყო სადავო, რომ უნდა გამოყენებულიყო, იყო წარმოდგენილი, თუმცა გარკვეული მოტივის გამო (მოტივს არ ასახელებს) ბრალდებულები ამ დოკუმენტის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, არის სიცრუე,“ - განაცხადა ადვოკატმა. 

„მოვახდინეთ ის რეაგირება, რაც კანონმდებლობით გვაქვს დაკისრებული და პოლიტიკური სპეკულირება იმ თემაზე უნდა დაემთხვეს თუ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ან საარჩევნო კალენდარს გამოძიება, გამოძიება ამგვარი პოლიტიკური გარემოებებისგან თავისუფალია“, - ამის შესახებ კი პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დავით გარეჯის საკითხის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი  თქმით, ბრალდებულების მიერ ხდებოდა დედანი რუკის დამალვა და სწორედ ეს დედანი რუკა, რომელიც „რუსულ რუკად“ მოინათლა, იპოვეს იძულებითი ჩხრეკის შედეგად ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში.

„აქ გვაქვს მოცემულობა, როდესაც მოქალაქემ გადაწყვიტა თავისი კუთვნილი რუკები გადაეცა სახელმწიფოსთვის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ხელშეწყობის მიზნით, ამ რუკასთან ერთად, რომელიც რუსულ რუკად მოინათლა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ასევე წარმოდგენილ იქნა ამერიკული, გერმანული რუკები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით იგივე მოცემულობას ასახავს. შესაბამისად, ამ ჯგუფებს შეუძლიათ ამ სცენარს, ამერიკული ან გერმანული სცენარიც კი უწოდონ. 17 აგვისტოს, როდესაც მოხდა ჩვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება, მყისიერად დავიწყეთ რეაგირება. ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები. კომისიის წევრების შესახებ ცნობილი იყო, რომ არსებობდა ასლი, ერთი 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის, რომელიც შემდგომ იძულებითი ჩხრეკის ჩატარების შედეგად აღმოჩნდა დედანი რუკა, რომელიც ე.წ. რუსული რუკის სახელითაა მონათლული, ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში და დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ეს რუკა ბრალდებულის მხრიდან დაიმალა და არ წარედგინა კომისიას.

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პროკურატურისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ, ჩვენ კანონიერი ვალდებულების შესრულების პროცესში მოვახდინეთ ის რეაგირება, რაც კანონმდებლობით გვაქვს დაკისრებული და პოლიტიკური სპეკულირება იმ თემაზე, უნდა დაემთხვეს თუ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ან საარჩევნო კალენდარს გამოძიება, გამოძიება ამგვარი პოლიტიკური გარემოებებისგან თავისუფალია“, - აღნიშნა პროკურორმა.   

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე „რეზოანნსთან“ ამბობს, რომ ეკლესიის ინტერესი მხოლოდ ისაა, სამონასტრო კომპლექსი საზღვრის აქეთ დარჩეს. ჯაღმაიძის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია ამაზე 15 წელია საუბრობს და არჩევნები თემის გააქტიურებასთან კავშირში არ არის. 

„ეკლესიის ინტერესში არ შედის, რომ ვინმეს პატიმრობა მოხდეს. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ სამონასტრო კომპლექსი ჩვენი ქვეყნისს საზღვრის შემადგენლობაში დარჩეს. შემოვიფარგლებით მხოლოდ იმით, რომ ისტორიული სამართლიანობა ნიშნავს, რომ საზღვარი გაივლოს ქედის იქით. ეკლესიის საუბარი დავით გარეჯზე დაიწყო 15 წლის წინ და იმის მერე უამრავი არჩევნები იყო. ასე რომ, ბევრმა არჩევნებმა ჩაიარა მას მერე, რაც ეკლესია ამაზე საუბრობს," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×