რეზონანსი
09.10.2020

შსს-ს ექსპერტიზის დასკვნით, მეცნიერული მეთოდიკის არარსებობის გამო ვერ დგინდება „ადმირალის" ვიდეო-სათვალთვალო კამერების სადენები როდის არის გადაჭრილი - 17 ივლისამდე, თუ ივლისის შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს დიდი ეჭვი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სასტუმრო „ადმირალში" იმყოფებოდა და კამერების სადენები განზრახ არის გადაჭრილი.

„როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ საკალმახე „ადმირალის" ვიდეო-სათვალთვალო კამერები, ექსპერტიზა ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დეპარტამენტმა, სადაც მითითებულია, რომ მეცნიერული მეთოდიკის არარსებობის გამო ვერ დგინდება „ადმირალის" ვიდეო-სათვალთვალო კამერების სადენები როდის არის გადაჭრილი - 17 ივლისამდე, თუ ივლისის შემდეგ. ჩვენ ვითხოვთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ იქ იმყოფებოდა თამარი და სადენები განზრახ არის გადაჭრილი", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილის აზრით, ძალოვანმა სტრუქტურები თავიდანვე აპელირებდნენ, თითქოს ეს თვითმკვლელობა იყო.

„როდესაც თამარის ცხედარი აღმოაჩინეს, მე აღვნიშნე, რომ ექსპერტიზაც არ იყო ჩატარებული. მაღალი თანამდებობის პირი გამოდის და ამბობს, რომ თვითმკვლელობაა, რადგან აბები აღმოაჩინეს, აღმოაჩინეს წერილი და ჰყავდა ფსიქოლოგი. საიდან დაასკვნეს რომ აბები ჰქონდა დალეული, როდესაც ცხედარს ექსპერტიზაც არ ჰქონდა ჩატარებული, წინასწარ საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ აბებით იყო გარდაცვლილი. ესეიგი იცოდნენ და ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აფთიაქში რომ იყო, არის დაგეგმილი. იცოდნენ, რომელ აფთიაქში უნდა შესულიყო და რა წამალი ეყიდა, რათა ეს ალიბად გამოეყენებინათ, რომ თვითმკვლელობა იყო. ამის შესახებ ძალოვანმა სტრუქტურებმა იცოდნენ და ენამ გაუსწროთ წინასწარ", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×