ქრისტინე კაპანაძე
09.10.2020

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ყარაბაღის ომის დაბალანსება მხოლოდ რუსეთსა და თურქეთს შეუძლიათ. ისინი გარკვეულ პირობებზე უნდა შეთანხმდნენ და დაარწმუნონ დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაში, აცხადებს ყარაბაღის ომში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას „რეზონანსთან" პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი პროგნოზით, ორ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი ომის დაბალანსება სომხეთის მხრიდან გარკვეულ დათმობებზე წასვლითაა შესაძლებელი.

„ჩემი პირადი აზრით, თუკი რუსეთი შეძლებს სომხეთის დარწმუნებას გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად, მოცემული დაპირისპირება კონტროლს დაექვემდებარება. სომხეთმა უნდა აღიაროს ახალი რეალობა და დათმოს მინიმუმ ის ტერიტორია, რომელიც ყარაბაღის გარშემოა - ე.წ. უსაფრთხოების ზონები. ამ ზონების დათმობით შეიძლება ომი შეწყდეს. მითუმეტეს აზერბაიჯანი აშკარად თავს არიდებს, რომ ცეცხლი მიუახლოვდეს სომხეთის სახელმწიფო საზღვარს.

„პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რითაც მინიშნებაც კი გააკეთა, რომ თავად ასე ურჩევნია და ირიბად აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარა - მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ვერ ხედავს თავის როლს ომში ჩართულობის კუთხით. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ უფრო დიდ საშიშროებას.

„თუ აზერბაიჯანმა დაიწყო საომარი მოქმედებები სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიაზე და გადალახა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი, მაშინ ეს გადაიზრდება იმაზე უფრო ფართომასშტაბურ დაპირისპირებაში, ვიდრე ახლა არის, თუმცა ამის მოლოდინი არ მაქვს. ახლაც საკმარისად ფართობასშატიანი შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ველოდები, რომ მაქსიმუმ 1 თვე გაგრძელდება ეს დაპირსიპირება და ვიმედოვნებ, რომ ოქტომბრის ბოლოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდება.

„მე ვერ ვხედავ ესკალაციის გაფართოების საშიშროებას, თუნდაც ირანის ან სომხეთის ტერიტორიაზე და მითუმეტეს გამოვრიცხავ საქართველოს ტერიტორიას, რადგან სრულიად ემიჯნება ამ დაპირისპირებას. ვითარების დასაბალანსებლად არის მხოლოდ ორი ძალა რუსეთი და თურქეთი. სამწუხაროდ არც ეუთოს, არც ევროკავშირს და არც აშშ-ს არ შეუძლია მდგომარეობის სასიკეთოდ შემობრუნება. ვფიქრობ, თურქეთი ხედავს, რომ აზერბაიჯანი სერიოზულ წარმატებას ვერ აღწევს ბრძოლაში და ამოცანებს ვერ უმკლავდება, რუსეთი კი აშკარად არ ერევა ომში სომხეთის მხარდასაჭერად. შესაბამისად თურქეთი და რუსეთი უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან, რომ ომი შეწყდეს, ვიდრე ახალ დონეზე გადავიდეს,"- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე თუ რატომ არიდებს თავს რუსეთი სომხეთის მხარეს ომში ჩაერთოს, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ სანამ საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რუსეთის ჩართვა დაპირსპირებაში არ არის საჭირო.

„რუსეთი არ ერთვება კონფლიქტში, რადგან სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს უშუალოდ ეს დაპირისპირება. შეტაკება მიმდინარეობს მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რუსეთი ვალდებულია დაეხმაროს სომხეთს თუ სომხეთის სახელმწიფო და ტერიტორულ მთლიანობას დაემუქრება საფრთხე. აზერბაიჯანი კი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს საფრთხე არ შექმნას," - ამბობს ზაქარეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×