
უნდა გავერთიანდეთ, რომ საბოლოო გავიგოთ სიმართლე, რა მოხდა და რატომ მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ამხელა ფართობის მიზანმიმართულად ან თუნდაც შეცდომით რუკებზე ასახვა, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას განაცხადა.
„ფაქტი იმდენად მძიმეა, საქართველოსა და სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფასა და ამ ინტერესების დარღვევასთან დაკავშირებით, რომ ვფიქრობ ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ საბოლოო გავიგოთ სიმართლე, რა მოხდა და რატომ მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ამხელა ფართობის მიზანმიმართულად ან თუნდაც შეცდომით რუკებზე ასახვა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.