
ჩემთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნის დემარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, ივერი მელაშვილის დაპატიმრებას.
ზაქარეიშვილის განცხადებით, სავსებით შეიძლებოდა ამ საქმის რამდენიმე თვით გადადება.
„ჩემთვის ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. შეიძლებოდა ამ საკითხებზე მოთმენა. პროკურატურის განცხადება შეიძლება დამაჯერებელი იყოს, მაგრამ ამაზე არც კი ვფიქრობ. აშკარად არასერიოზულია ამის გაკეთება ახლა, არაფერი არ ინგრევა და არ იწვის", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ასურველი იყო, რომ პროკურატურას ამ საქმის გამოძიება დაეკონსერვებინდა და საპარლამენტო არჩევნებისა და ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შემდეგ განეახლებინა.
„აშკარაა, რომ თვეები ელოდებოდნენ ამის გაკეთება. ასე რომ ჩქარობენ არჩევნების დროს, შეიძლება რამდენიმე თვე მოეთმინათ. სამწუხაროდ, პროკურატურის და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დგას პარტიის ინტერესები.
„პროკურატურამ უნდა თქვას, რომ ახლა ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ჯობია გამოძიება გადავიტანოთ მანამდე, სანამ დალაგდება ყარაბაღის კონფლიქტი და ხელი მოეწერება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
„მე ოპოზიციას არ ვუყურებ, მე ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი. ჩემი აზრით, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და არაფერი საერთო არ აქვს სახელმწიფოს ინტერესებთან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.