ქრისტინე კაპანაძე
08.10.2020

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე შეცდომის დაშვება მიუღებელია. პროკურატურამ უნდა წარადგინოს დამაჯერებელი მტკიცებულებები და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რადგან ეს საკითხი საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობისაა - აცხადებს საერთაშორისო ექსპერტი თენგიზ ფხალაძე საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე „რეზონანთან" საუბრისას.

მისი თქმით სახელმწიფოს ღალატი უმძიმესი ბრალდებაა და აღნიშნულ საკითხში პოლიტიკურ მოტივებს ვერ ხედავს.

„ამ საკითხის პოლიტიზირება არის სრული სისულელე და არ შეიძლება, რადგან, პირველ რიგში, ეს სახელმწიფოს აზარალებს. მე თვითონ მტკიცებულებები არ მინახავს, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც პროკურატურამ უნდა წარადგინოს დამაჯერებელი მტკიცებულებები და რაც შეიძლება სწრაფად გასცეს პასუხი ამ თემის შესახებ დასმულ ყველა კითხვას.

„ასეთი კითხვა ძალიან ბევრია - ეს არაა საკითხი, რომელიც ერთეულ ადამიანებს შორის ხდება ეს არის საკითხი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობისაა," -ამბობს ფხალაძე.

კითხვაზე, დამაჯერებელია თუ არა პროკურატურის მიერ უკვე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ დაკავებულებმა დელიმიტაციის პროცესში იხელმძღვანელეს 1970-80 -იანი წლების რუკებით, რომლის მიხედვითაც საქართველო 3500 ჰექტარის ტერიტორიის მიწას კარგავს, ფხალაძე ამბობს, შეცდომის დაშვება მიუღებელია.

„მე არ მესმის როგორ შეიძლება აქ შეცდომა იყოს დაშვებული. აღარ ვსაუბრობ დანაშაულზე. ამიტომ გამოძიებისა და სასამართლოს მხრიდან უნდა იყოს ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული და უმოკლეს დროში დაიდოს დასკვნა.

„გამოძიების დეტალებში ვერ ჩავერევი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - როდესაც 24 წლის განმავლობაში კომისია მუშაობს და ასეთ რამეს ამბობს 24 წლის თავზე, ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, მათ შორის სახელმწიფო ორგანოების სისუსტესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ საიდუმლო დოკუმენტის გაქრობა ჩემთვის წარმოუდგენელია. როგორ უნდა გაქრეს დოკუმენტი, რომელსაც აქვს თავისი შენახვისა და მოხმარების წესი და რომელთან დაშვების თითოეული წამი ირიცხება სპეციალურ ორგანოეშ?! ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

„აზერბაიჯანი რომ ყარაბაღის ომშია ჩართული, ეს სხვა საკითხია. ჩემთვის ისაა მიუღებელი, რომ პიროვნებების დამნაშავედ გამოცხადება არ უნდა ხდებოდეს სასამართლოს გადაწყევტილებამდე. სახელმწიფოს ღალატი არის უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეიძლება ადამიანს წარედგინოს და ასეთი იარლიყის მიწებება ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ ვამბობ, რომ აქ მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი პოზიცია," - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა ხუთშაბათს მთავრობის სხდომის დაწყებამდე. მისი თქმით, ეს საქართველოს საშინაო საქმეა და არ უნდა მოხდეს თემის პოლიტიზირება.

„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზირების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასკვნები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში,- აღნიშნა გახარიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით კი, აზერბაიჯანთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობას ჩრდილი არ მიადგება.

„ბუნებრივია, კომისიის ფარგლებში ყველა მხარე საკუთარ პოზიციას იცავს და დაიცავს, ამიტომ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გვქონდეს აზერბაიჯანულ მხარესთან მიმართებაში და ეს პოზიცია ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა ძალიან კარგად გაიგეს", - განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა ასევე მწუხარება გამოხატა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვის დაკავების საქმეზე.

„ვინ თუ არა მე პირველ რიგში ვწუხვარ, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელი", -განაცხადა ზალკალიანმა სამინისტროს თანამშრომლის დაკავებაზე საუბრისას.

„განსაკუთრებით ემოციურია ჩემთვის. იცით, რომ 28 წელია ამ სისტემის ნაწილი ვარ. ყველა ადამიანს, ვინც ამ სისტემაში მუშაობს, ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომ, მნშვნელოვანია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდება, მათი უფლებები იყოს დაცული", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×