ელზა პაპოშვილი
07.10.2020

ქვეყნის საწინააღმდეგოდ მომზადებული სქემა პროკურატურამ თვენახევარში გაშიფრა. გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლზე დაწყებულ გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.  გამოძიების ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის 2007 წელს შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები 1938 წლის რუკაზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს არ ემთხვევა და რიგი შეუსაბამობებია.          

ირკვევა, რომ 3500-ს ჰექტრამდე მიწის ფართობი, რომლის დაკარგვის საფრთხეც არსებობდა, გაშლილია 303 კილომეტრის სიგრძეზე. ყველაზე მეტი ტერიტორია კი იკარგებოდა მდინარე იორის გასწვრივ.

ამ მონაკვეთზე საშიშროება შეექმნა 552ჰექტრამდე ფართობს. 426 ჰექტარზე მეტი, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მწვერვალ ვოსეგევა მთის მიმდებარედ. მაწიმისწყალის ხიდიდან მდინარის გასწვრივ მეზობელი ქვეყნის საზღვრებში ექცეოდა 408 ჰექტარი. ამას გარდა სამთავრობო კომისია ტერიტორიებს არაზუსტი რუკის გამოყენებით, საქართველოს საწინააღმდეგოდ თმობდა წითელი ხიდის,ჯანდარის ტბის, ჩიჩხიტურის კოშკის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, იალაჯისხის ქედის, მწვერვალ უჩბულაკის და მდინარეების მლაშეწყლისა და კვირიასწყლის მიმდებარედ.        

როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატი  ედვარდ მარიკაშვილი „რეზონანსთან“  აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალდებას და არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. ადვოკატის თქმით, ივერი მელაშვილი მის დაკავებას პოლიტიკურ საკითხს უკავშირებს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მისი ოფიციალური პოზიცია უცნობია, შესაძლოა ორივე დაკავებული ერთმა ადვოკატმა დაიცვას.

“რა თქმა უნდა, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ასევე გამოძიებასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს. მისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და ფიქრობს, რომ დიდი პოლიტიკური თამაშის მსხევრპლია.  ამ ეტაპზე მოვითხოვ საქმის მასალების გადმოცემას. შემდეგ მოვემზადებით აღმკვეთი ღონისძიებისთვის, სადაც ასევე მივიჩნევთ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი ივერი მელაშვილი დარჩეს აღმკვეთ ღონისძიებაში," - აღნიშნა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში იმ ახალი გარემოებების და მონაცემების გამოყენებას ვეცდებით, რაც გამოძიების პროცესში იქნა მოპოვებული, რათა კომისიის პირველადი შეთანხმებები გადაიხედოს, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

“გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში რატომ მოხდა გვიანდელი რუკების გამოყენება. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ლეგიტიმური ინტერესია დავით გარეჯთან და ჩვენს საზღვართან დაკავშირებული მოლაპარაკებები პროცესი საქართველოსთვის ისტორიული სიმართლის დადგენით დასრულდეს, ჩვენი სულიერი კულტურის ამ მნიშვნელოვან ძეგლს მოვუაროთ და დავიცვათ ის“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.  

ამ მძიმე ფაქტის უკან ვინ დგას, მიზანმიმართული ქმედებით მოხდა, უმოქმედობით თუ დავალებით ამ რუკის შენახვა თუ გადამალვა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა საქართველო- აზერბაიჯანის დემარკაციის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში კომისიის ყოფილი წევრების ივერ მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ რუკა, რომელზეც "ამტკიცებდნენ რომ არ არსებობდა, აღმოჩნდა, რომ არსებობს".

“ძალიან მძიმე ბრალდებაა, სიმართლე გითხრათ გაოგნებული ვარ, გაოგნებული ვარ იმის გამო, რომ რუკა, რომლითაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიხედვით ჩვენ უნდა გვეხელმძღვანელა, სამართლიანად განგვესაზღვრა საზღვარი ორ ქვეყანას შორის და რომელზეც გვიმტკიცებდნენ, რომ იყო დაკარგული, არ არსებობდა და ამის გამო ჩვენი პოზიციები იყო წამგებიანი, აღმოჩნდა, რომ ეს რუკა არსებობს, არსებობს ორიგინალური ვერსია.

“ეს რუკა ინახებოდა თუ გადამალული იყო, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და საერთო ჯამში, ხელმძღვანელობდნენ იმ რუკით, რომლის ფარგლებშიც ზიანდებოდა ჩვენი სახელმწიფო ინტერესები და რომლის ფარგლებშიც შეიძლება ითქვას, ჩვენი სახელმწიფო უარს აცხადებდა 3500 კვადრატულ ჰექტარ მიწაზე, მათ შორის, იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე და ბრალდება მძიმეა და რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დაველოდოთ,"- განაცხადა სესიაშვილმა.  

რუკას, რომლითაც ხელმძღვანელობდა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია დაახლოებით 13 წელის წინ და მოლაპარაკებებს აწარმოებდა სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან, ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ცენტრში ჩაუტარდა.

როგორც ამ ექსპერტიზაში მონაწილე სპეციალისტები აცხადებენ   კომისიას არ უნდა ეხელმძღვანელა იმ რუკით, რომლითაც ის მუშაობდა და სასურველი იყო ეხელმძღვანელა 1938 წლის 1 2000-იანი მასშტაბით.

ექსპერტები აცხადებენ, რომ 5000-იანი მასშტაბი მიუღებელია საზღვრის დადგენისთვის. გამოყენებული უნდა ყოფილიყო თავის დროზე 2000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც არის 1937-38 წლებში შედგენილი და დაბეჭდილი.    

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქრეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ რუკების შესახებ ინფორმაცია სიმართლესაც რომ შეესაბამებოდეს, საქართველოს ხელისუფლებას ამის გახმაურება ერთი თვე მაინც უნდა მოეცადა, რადგანაც ყარაბაღის ომის ფონზე, საკმაოდ დიდი პრობლემები შეიძლება შეგვექმნას. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ თუ კი ჩვენს ხელისუფლებას საკუთარი თავი და რეიტინგი არ ადარდებს და დავით გარეჯი მათთვის მნიშვნეელოვანია, მაშინ ამბის  გახმაურებისგან თავი უნდა შეეკავებინა.

„არ ვიცი ეს ამბავი რეალურია თუ არა, ვინ გადამალა ეს რუკები და რა მიზნით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ პროკურატურამ ამის მოტივიც უნდა გვითხრას. ფულის გამო მოხდა მისი გადამალვა? რა დგას ამ დანაშაულის უკან, თუ ეს დანაშაული რელურად მოხდა. მე როგორც ვიცი, ეს რუკა ხარვეზიანი იყო და მისი  გამოყენება ვერ მოხდებოდა. მდინარის კალაპოტი და სხვა ტერიტორიები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

ამიტომაც ამ რუკის დაწუნება მოხდა. თუ მისი ორიგინალი რუსეთში ინახებოდა, მაშინ ეს დაკავებულები რა შუაში არიან,  ეგეც ვერ გავიგე. ერთი კითხვა ჩნდება, რატომ ახლა? დარწამუნებული ვარ ამის შესახებ დიდი ხანია ხელისუფლებამ იცის, ამიტომაც წინსაარჩევნოდ მის გახმაურებას აპირებდნენ. კი ბატონო, მესმის მათი ლოგიკაც, მაგრამ ყარაბაღის ომის გამო თავი ერთი თვე მაინც უნდა შეეკევებინათ. სხვა მხრივ ახლა მხოლოდ ჩვენვე შეიძლება დავზიანდეთ“,-ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×