
ბოლო პერიოდში აფხაზეთის მთარობის გადადგომის მოთხოვნით დევნილების პროტესტი რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები ხალხის პრობლემების მოგვარებით დაინტერესებული არ არიან და პირადი და მცირე სანაცნობო წრის კეთილდღეობას ემსახურებიან.
შემთხვევითი არ არის, რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის დაცემის დღეს, გმირების მემორიალთან აფხაზეთის მთავრობის მისვლამ დევნილების პროტესტი რომ გამოიწვია. ისინი აფხაზეთის მთავრობის წევრების გამოჩენას შეძახილით „სირცხვილია“ შეხვდნენ.
გარდა იმისა, რომ დევნილები ლეგიტიმურ მთავრობას კორუფციაში სდებენ ბრალს და ამხელენ, მათ ამ ბრალდებას სპეციალისტებიც ეთანხმებიან და დადასტურებით აცხადებენ, რომ აფხაზეთის მთავრობაში აშკარა კორუფციის ნიშნებია.
ის, რაზეც სპეციალისტები თამამად საუბრობენ, რატომღაც, ჯერჯერობით, მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის მიღმა რჩება და გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს. დევნილი მთავრობა, რომელიც მინიჭებული უფლებით ვალდებულია, რომ ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის კეთილდღეობაზე ზრუნავდეს, რეალურად ამ მოქალაქეების მდგომარეობის შესამსუბუქებლად არაფერს აკეთებს და პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფით არის დაკავებული.
„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ აფხაზეთის მთავრობა არის აბსოლუტურად ჩამოშლილი და უვარგისი სტრუქტურა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფულის გაკეთებაზეა ორიენტირებული, მთელი ეს რესურსი კი სულ რამდენიმე ადამიანის კეთილდღეობას ხმარდება.
,,20 მილიონი, რასაც ბიუჯეტიდან ლეგიტიმური მთავრობა იღებს, დევნილი მოქალაქეებისთვის არანაირ სიკეთეს არ იძლევა. ეს უწყება არც ავტორიტეტის მხრივ ნიშნავს რაიმეს, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში აფხაზეთის მთავრობამ და პირადად მისმა ხელმძღვანელმა რუსლან აბაშიძემ ნდობა დაკარგა. არაოფიციალურად დადასტურებულია, რომ აფხაზეთის მთავრობაში კეთდება ფიქტიური პროექტები, ბიუჯეტის ფულს ახარჯავენ ახლობლებს, ოჯახის წევრებსა და პირად კეთილდღეობას. მათ მიერ გაკეთებული საქმე რეალურად არავის უნახავს ბოლო წლების განმავლობაში, ამდენად, აფხაზეთის მთავრობას დაქვემდებარებული ყველა სტრუქტურა არაფრის მაქნისია.
აუდიტორის კვლევა უნდა ჩატარდეს, სამართალდამცველებთან უნდა მოხდეს მოკვლევა და სანამ სიმართლე გაირკვევა, აბაშიძეს, მინიმუმ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. არ შეიძლება, რომ ასეთი ფაქტების გამოვლენის შემდეგ ეს პირები თანამდებობებზე რჩებოდნენ. დელეგიტიმაცია უნდა გამოუცხადონ ჯერ აფხაზეთის მთავრობას და შემდეგ _ ყველა მის დაქვემდებარებულ სტრუქტურას“, - განაცხადა გერლიანმა „რეზონანსთან“.
მისი ინფორმაციით, სხვადასხვა პერიოდში კორუფციაში მხილებული იყო აფხაზეთის მთავრობის ყოფილი მეთაური ვახტანგ ყოლბაიაც. ის თანამდებობას ბოროტად იყენებდა, თუმცა მას ყველა დანაშაული, რატომღაც, შერჩა.
„ყოლბაიას კორუფციაში მონაწილეობა ეპატია, ეს არის ხელისუფლების დიდი შეცდომა. მისი მონაწილეობით ფულის გათეთრების უამრავი ფაქტი იქნა გამოვლენილი და პასუხი არ მოეთხოვა. ახლა რუსლან აბაშიძეც იმავეს აკეთებს და შესაბამისი სტრუქტურები ვალდებული არიან, დროზე შეაჩერონ. რიგი სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები და დასკვნებია, იგივე კულტურის სფეროშიც, თუ როგორ არათანმიმდევრულად და უყაირათოდ ხარჯავენ ბიუჯეტიდან მიღებულ ფულს. უამრავი კითხვის ნიშანია, ისიც საკითხავია, კონკრეტული ჩარიცხული თანხა ადრესატამდე მიდის თუ _ მოხელეების ჯიბეებში. ამ საქმის შესწავლა აუცილებელი და გადაუდებელია, ეს სისტემა მეტ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს.
როცა სამოქალაქო სექტორი საუბრობს ფაქტებზე, ეს ბოლო წვეთია, რადგან უკვე საზოგადოების ყურამდე მიაღწია და არ შეიძლება, რეაგირების მიღმა დარჩეს. მე, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, მაქვს პროტესტი, რადგან დევნილი მოსახლეობისთვის ეს მთავრობა არაფერს აკეთებს და მხოლოდ პირად კეთილდღეობას ემსახურება. ამ სტრუქტურაში ადამიანები მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებებით ინიშნებიან და ამას ოდესმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო“, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.