
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში საკმარისი საწოლფონდია იმისთვის, რომ კოვიდ 19-თან ერთად, გრიპის მქონე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა მოხერხდეს.
როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში "აქტუალური თემა" აღნიშნა, როგორც გრიპის, ასევე კორონავირუსის მართვისთვის მთავარი იქნება სწრაფი, დიფერენციული დიაგნოსტიკა, ადრეული ტესტირება და პრევენციული ზომების გამოყენება.
„ჰოსპიტალური სექტორი დიდ გამოცდილებას ატარებს ეპიდემიის მართვისთვის, აქ შესაძლოა საჭირო გახდეს საწოლფონდის მეტად აქტიური მართვა, რომელიც ახლა კოვიდ-19-ის მიზნებისთვის გვაქვს მობილიზებული. კარგია, რომ კოვიდის შემთხვევების აქტიური მართვა ბინაზე დაიწყო და ოჯახის ექიმები, როგორც გრიპს, ასევე კოვიდ-19-ის შემთხვევებს უმეტეს შემთხვევაში ბინაზე მართავენ.
მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაციის შესაძლებლობა იქნება. სახელწმიფოს უკვე აქვს გეგმაში, რომ მობილიზება გააკეთოს პროგნოზულად, დაახლოებით 5 ათასამდე საწოლის, რომელიც კოვიდის მიზნებისთვის გვაქვს განსაზღვრული. ასევე, ქვეყანაში საკმარისი საწოლფონდია იმისთვის, რომ თუკი გრიპის მქონე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მისი მკურნალობაც მოხერხდეს. მაგრამ, მაინც მთავარი იქნება სწრაფი, დიფერენციული დიაგნოსტიკა, ადრეული ტესტირება და პრევენციული ზომების გამოყენება. პირბადე, ხელის ჰიგიენა და დისტანცირება კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ორივე შემთხვევაში ძალიან ეფექტურად მუშაობს, გრიპის და კორონავირუსის თავიდან ასაცილებლადაც. დღევანდელი გამოწვევის მთავარი გადაწყვეტა პრევენციაა. მნიშვნელოვანია, ეს არ დაგვავიწყდეს და გამოვიყენოთ",-განაცხადა გაბუნიამ.