
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის ინფორმაციით, ქართველმა ექიმებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 12 დღის ჩვილი გადაარჩინეს. ჩვილს თანდაყოლილი ანომალია აღმოაჩნდა და ის უმძიმეს მდგომარეობაში, თანმხლები პირების გარეშე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა:
„ექიმობა რომ ყველაზე ჰუმანური პროფესიაა და რეალურად ერთეულთა ხვედრია, თუმცა არის პროფესიონალიზმსა და ვალდებულებაზე გაცილებით მეტი, რასაც ღვთისნიერება და კეთილშობილება ჰქვია, ასეთ საოცარ ადამიანებზე დგას ეს სამყარო… ოკუპირებული აფხაზეთიდან 12 დღის პატარას, რომელსაც თანდაყოლილი ანომალია აღმოაჩნდა და უმძიმეს მდგომარეობაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. სხვადასხვა გარემოებების გამო პატარა პაციენტი მარტო, მშობლებისა და თანმხლები პირის გარეშე უნდა წამოგვეყვანა.
ეს უდიდესი პასუხისმგებლობა პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, ჩვენთან ერთად უყოყმანოდ გაიზიარა ბატონმა ივანე ჩხაიძემ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა. ურთულესი ოპერაცია ჩაატარა ბრწყინვალე ქირურგმა, ბატონმა ზვიად ბულისკერიამ და უკვე პოსტოპერაციული პერიოდიდან გაწერამდე ჩვენი ბიჭუნა განუმეორებელი ნინო სოლომონიას აქტიური პატრონაჟის ქვეშ გადავიდა, რომელმაც უდიდესი ენერგია და სიყვარული ჩააქსოვა, რომ სამკვირიანი ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულიყო და ასეც დასრულდა: დღეს გამოჯანმრთელებული პატარა მშობლებს დაუბრუნდა, რომლებიც უსაზღვროდ ემადლიერებიან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ქართულ ჯანდაცვას და ამ საოცარ და მართლაც ღვთისნიერ ექიმებს. ეს არის ქართული მედიცინის მორიგი წარმატება და კიდევ ერთი ნაჩუქარი სიცოცხლე“, – წერს ქეთევან ბაკურაძე.