
მარტყოფში 6 ოქტომბერს, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული 37 წლის კაცი, მიღებული ტრავმით დღეს გარდაიცვალა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა მისი კლინიკაში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა. რის გამოც, გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და შიდა კონტროლის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
შემთხვევა საღამოს, 22:00 საათზე მარტყოფის პანსიონატში მოხდა. ერთ-ერთ ბენეფიციარს სამი ადამიანი თავს დაესხა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
მას შემდეგ, რაც ევგენი აბდალოვმა კედელზე თავის დარტყმის შემდეგ გონება დაკარგა, დაწესებულების თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა სასწრაფოს ექიმებმა მისი ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩათვალეს. ევგენს თავი მ.ბ-მ მიარტყმევინა. ის ახლა პანსიონატში იმყოფება და ადგილზე პოლიცია მუშაობს.
„პრაიმტაიმი“ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად მარტყოფის პანსიონატის დირექტორს, ვახტანგ მამალაძეს დაუკავშირდა. მან მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი