რეზონანსი
06.10.2020

სამხარაულის ბიუროს  ექსპერტების  დასკვნამ, რომელიც აქამდე გასაიდუმლოებული იყო, შესაძლოა, ლუკა სირაძის საქმე თავდაყირა დააყენოს. ამ დასკვნის საფუძველზე მსჯავრდებული გამომძიებლის დაცვას შეეძლება ამტკიცოს, რომ მოზარდი სახურავიდან კი არ გადმოხტა, არამედ გადმოვარდა. დოკუმენტი 21 დეკემბრით თარიღდება და იქ წერია, რომ 15 წლის მოზარდის სისხლში ნარკოტიკული  და ფსიქოტროპული საშუალებები აღმოჩნდა.  დასკვნა გამომძიებელი ქალის მარიანა ჩოლოიანის საქმეში თვეებია დევს, თუმცა საჯარო მხოლოდ დღეს გახდა. მიზეზი უკვე მსჯავრდებული გამომძიებლის დაცვის ინტერესია, ჩოლოიანის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია აქვს. 

ჩოლოიანის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პასუხი გამოძიებას შესაძლოა, მისივე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიეღო, თუ ობიექტურად შეაფასებდნენ ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც თავად დანიშნეს, მაგალითად ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ დასკვნას. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ დასკვნით შესაძლებელი იყო ვარაუდის დაშვება, რომ მოზარდი სიმაღლიდან კი არ გადმოხტა, არამედ გადმოვარდა. 

ექსპერტები, რომლებმაც შემთხვევის ადგილი შეისწავლეს დოკუმენტში უშვებენ ვარაუდს, რომ მოზარდი შესაძლოა, სიმაღლიდან გადავარდა. 

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის პოზიცია მიუღებელია ლუკა სირაძის ოჯახისთვის. გარდაცვლილი მოზარდის ძმა ამბობს, რომ საქმეში ორი დასკვნა დევს, ერთ-ერთის მიხედვით კი, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღებული სისხლის ნიმუშზეა ჩატარებული, ნარკოტიკული საშუალება არ აღმოჩნდა. ოჯახისთვის სარწმუნო სწორედ ეს დოკუმენტია. 

ბექა სირაძე თვლის, რომ გამომძიებელ ჩოლოიანის გადარჩენას მისი დამცველები გარდაცვლილი მოზარდის დისკრედიტაციას ცდილობენ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი, რომელიც გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ინტერესებს პირველივე დღეებიდან იცავს თვლის რომ მსჯავრდებული გამომძიებლის ადვოკატს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×