რეზონანსი
06.10.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები –  მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება “კურიერმა” გასაიდუმლოებული მასალებიდან, მოიპოვა. აკაკი ქვრივიშვილის 8 საათიანი დაკითხვის ოქმი 12 გვერდიანია და ის 22 ივლისით თარიღდება.

ქვრივიშვილი საკუთარ ჩვენებაში დეტალურად ყვება, როგორ დაიგეგმა ნაძალადეველების მცხეთაში დაბრუნება “ტოიოტა ქამრით” ბეჟანიშვილის ქუჩაზე. ქვრივიშვილი საქმის სხვა დეტალებზეც საუბრობს.

აკაკი ქვრივიშვილი დეტალურად აღწერს 18 ივნისის ღამეს და სხვადასხვა ლოკაციებზე განვითარებულ პროცესებს. მათ შორის, რა ვითარებაში დაგეგმეს მეგობრებმა ბეჟანიშვილის ქუჩიდან უკან, მცხეთაში წასვლა და როგორ აღმოჩნდნენ ისინი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ვინ იყო შეკრებისა და უკან, მცხეთაში დაბრუნების ორგანიზატორი – აკაკი ქვრივიშვილი გამომძიებლის კითხვაზე პასუხობს, რომ ინიციატორი ვახტანგ ჩიქოვანი იყო, რომელიც მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულია. ჩვენების მიხედვით, მიზეზი ორი მეგობრის წამოყვანა გახდა – საუბარია არასრულწლოვან ლ.შ-სა და გიორგი მერაბიშვილის შესახებ.

“მცხეთაში მომხდარი კონფლიქტის თაობაზე ვსაუბრობდით ერთმანეთში, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ ჩვენი უბნელები და ასაკით ჩვენზე უფროსი ბიჭები – არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა რევაზიშვილი. მხოლოდ მათ მოუყვა ვახო ჩიქოვანმა მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რადგან თვითონვე გამოხატეს ინტერესი და გვკითხეს, ხომ მშვიდობა გვქონდა, მაშინ როდესაც მათ დაინახეს დასისხლიანებული ვახტანგ ჩიქოვანი.

ჩვენი შეკრების და მცხეთისკენ გადაადგილების უშუალო ინიციატორი იყო ვახო ჩიქოვანი, რადგან სწორედ მისი წინადადება იყო ჩავსულიყავით მეგობრების ჩამოსაყვანად მცხეთაში და მან მოიკითხა მართვის მოწმობა და ფხიზელი მძღოლი და სწორედ მისი ავტომანქანით წავედით. ასევე ყველა ჩვენთაგანს იგივე სურვილი და მიზანი გვქონდა. თუმცა ამ ფაქტს არანაირი ორგანიზება არ სჭირდებოდა ვინაიდან ჩვენი მეგობრები იყვნენ ჩარჩენილები მცხეთაში და უნდა მომხდარიყო მათი ჩამოყვანა.

 გიორგი შაქარაშვილის შესახებ გავიგე მეორე დღეს ტელევიზიით, რომ იგი იყო გაუჩინარებული. მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ არაფერი არ გამიგია არავისგან.”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×