რეზონანსი
06.10.2020

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. სახლში იმ დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. მშობლებისა და 14 წლის ძმის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ 12 წლის თიკო თედორაძე ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

ორგანიზაცია „კეთილსოფელის“ ხელმძღვანელმა, მანანა სარიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ მარტოდ დარჩენილ 12 წლის თიკოს მისი ორგანიზაცია აჩუქებს საცხოვრებელ ბინას.

დეტალებზე „ბათუმელები“ მანანა სარიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ხუთსართულიანი კორპუსი ბათუმში, სხალთის ქუჩაზე შენდება.

„მე ვაშენებ ბათუმში ხუთსართულიან კორპუსს, რომელშიც საჩუქრად გადავცემ ბინებს იმ ოჯახებს, ვისაც ჰყავს შშმ პირი, არიან მრავალშვილიანი და უსახლკარო, მეწყრით დაზარალებულები. ოთხი სართული უკვე აშენებულია და იმედია  მალე დასრულდება“, – ამბობს მანანა სარიშვილი.

მისი თქმით, კორპუსში საცხოვრებელი ფართობების გარდა განთავსებული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ პირთათვის და დღის ცენტრი აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის. სარიშვილის თქმით, თიკო თედორაძეს ამ კორპუსში გარემონტებული ბინა  მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაეცემა.

თიკო თედორაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა მწერალმა გიორგი კეკელიძემაც. როგორც ის ფეისბუქში წერს, თიკო თედორაძე დეკემბრიდან „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიას მიიღებს.  „სულ მივადევნებთ თვალ-ყურს – თიკა საუკეთესო განათლებას მიიღებს“, – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×