უახლოესი 6-12 თვის განმავლობაში არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ მდგომარეობა შეიცვლება
გვანცა წულაია
06.10.2020

 კორონავირუსის მეორე ტალღა ახალ ეკონომიკურ კრიზისს უეჭველად წარმოშობს, რომელიც შესაძლოა, იმაზე მძლავრი აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად ეპიდემიის გავრცელებას მოჰყვა. პანდემიის გამო მიღებულმა შოკმა საქართველოს ეკონომიკა წლებით უკან დახია, ამიტომ მის აღდგენას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, კორონავირუსის მეორე ტალღა კი ახალ შიშსა და მეორე კრიზისს აჩენს.

კორონავირუსმა ქართული ეკონომიკა მთლიანად ჩაძირა. ეპიდემიის პირველი ტალღისას გარკვეული სახის დახმარებები გაიცა, ახლა კი ამის რესურსი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. კომპანიები და ბიზნესმენები უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ ინფექციის მეორე ტალღა ახალ ეკონომიკურ კრიზისს წარმოშობს, რომელთანაც გამკლავება რთული იქნება. 

ეპიდემიამ ქართული ეკონომიკა იმდენად დააზარალა, რომ საქართველოს ბიზნესასოციაცია გეგმავს, მთავრობას საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართოს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1-ლი მაისიდან, 6 თვის ვადით, 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასზე, პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია. ეს კერძო სექტორში არსებული დამსაქმებლებისთვის ყოველთვიურ ხელფასზე, მაქსიმუმ, 150 ლარის გამოთავისუფლებას ნიშნავს. კომპანიებს თუ წარსულში ხელზე 600 ლარის ხელფასის გასაცემად თანამშრომლისთვის 750 ლარის გადარიცხვა უწევდათ, ამჟამად ნულოვანი განაკვეთით დაიბეგრებიან და იმავე 600 ლარის ხელფასის გასაცემად მხოლოდ 600 ლარი სჭირდებათ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკური კრიზისი კი არ გავიარეთ, არამედ შეიძლება, ახლა იწყებოდეს. 

„ეს კრიზისი დასრულდა? ვხედავთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს და ეს გარკვეულ სექტორებს კვლავ შეუქმნის პრობლემებს. თუკი ერთი კონკრეტული ინდუსტრია გაჩერებულია, სხვებზეც ექნებათ ნეგატიური გავლენა. ამიტომაც, სავარაუდოდ,  ეკონომიკური კრიზისი კი არ გავიარეთ, არამედ შეიძლება, იგი ახლა იწყებოდეს. 6 თვე გავიარეთ, ვნახეთ, რაც მოხდა, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ კიდევ 6 თვე გაგრძელდეს საშემოსავლო გადასახადის დატოვება კომპანიებთან. ფორმულირებაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რადგან ითქვა, რომ საშემოსავლო გადასახადს სახელმწიფო აღარ წაიღებს ბიუჯეტში და მკაფიოდ განიმარტა, რომ ფული რჩება ბიზნესოპერატორებთან და არა - დასაქმებულებთან“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ „ბიზნესმედიასთან”. 

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უფრო და უფრო მწვავდება, რის გამოც ეკონომიკაში დამატებითი პრობლემები იქმნება. რამდენადაც რთულადაა ეპიდემოილოგიური მდგომარეობა, იმდენად ჩიხში ექცევა ეკონომიკა. 

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება, პირიქით, უფრო ღრმა კრიზისი წარმოიქმნება. 

„პირველ ტალღას რა მკაცრი შეზღუდვებიც მოჰყვა, ცოტათი შემსუბუქდა, მაგრამ კვლავ იმავე მდგომარეობაში ვრჩებით. დღესაც შეზღუდვების პირობებში ვართ. მდგომარეობის გამოსწორება არ მომხდარა. ეს არც ციფრებზე ასახულა. ბიზნესს შესაძლოა, ჰქონდა რაღაც მოლოდინი, რომ სიტუაცია გამოსწორდებოდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. 

შემოდგომაზე მკვეთრად გაუარესებულ სიტუაციას მეორე ტალღად ჩავთვლით თუ პირველად, ფაქტია, რომ ვირუსის პრობლემა კვლავ მწავედ დგას და უახლოესი 6-12 თვის განმავლობაში არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. შესაბამისად, სრულმასშტაბიან ეკონომიკურ გამოსწორებაზე უახლოესი ერთი წლის განმავლობაში საუბარი ზედმეტია. 

მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს. უნდა ვეცადოთ, რომ ადგილობრივი წარმოება გავაძლიეროთ და ფეხზე დავაყენოთ. ისე კი, მდგომარეობა რომ უარესობისკენ მიდის, ეს ყოველთვიურად აშკარაა. ჩვენი ეკონომიკური კლება შესაძლოა, უფრო მეტი იყოს, ვიდრე დაგეგმილია”, - განუცხადა მერაბ ჯანიაშვილმა „რეზონანსს”. მას მიაჩნია, რომ წელს ბიუჯეტიდან დამატებითი სახის დახმარება აღარ გამოიყოფა არც ბიზნესისთვის და აღარც მოსახლეობისთვის. 

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემია დაიწყო, ქართული ეკონომიკა ყოველთვიურად რეცესიას განიცდის. პანდემიისას მიღებულმა შოკმა საქართველოს ეკონომიკა დიდი ხნით უკან დახია, კორონავირუსის მეორე ტალღის დროს კი ახალი ეკონომიკური კრიზისი წარმოიქმნება, რომელიც ყველასთვის რთულად გადასატანი იქნება. 

ეკონომისტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ თუკი მდგომარეობა გართულდება და მორიგი ჩაკეტვის წინაშე აღმოვჩნდებით, ეკონომიკის გამოცოცხლების იმედი აღარც უნდა გვქონდეს. 

„შეგვიძლია, ორი ვარიანტი განვიხილოთ: პირველი - თუ ჩვენ არ მოგვიწია ეკონომიკის გაჩერება და, იმავდროულად, მოხერხდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება, ვფიქრობ, სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისამდე არ მივალთ, უბრალოდ, დავრჩებით იმ ვითარებაში, როგორშიც ახლა ვართ. გვაქვს რეცესია, მაგრამ ნელ-ნელა ვადგავართ გამოსწორების გზას, თუმცა არც იმის მოლოდინი არსებობს, რომ წლის ბოლომდე სერიოზული წინსვლა გვექნება;  

მეორე - თუკი კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაგვეზარდა და ამის გამო, სახელმწიფო შეზღუდვების დაწესებას გადაწყვეტს, უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით, რადგან ბიზნესი ხელმეორედ ჩაკეტვას ძნელად გადაიტანს და, თანაც, მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება ფინანსურად. ეს ცუდი სცენარი იქნება და შესაძლოა, მომავალი წლის პროგნოზირებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა უტოპია გახდეს და ან ნულოვანი გვქონდეს, ან საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი”, - განაცხადა „რეზონანსთან” გიორგი კაპანაძემ. მან დასძინა, რომ ორივე შემთხვევაში აუცილებელია ეროვნული ვალუტის დასტაბილურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდებით. 

„სიტუაცია გართულდება თუ გაუმჯობესდება, აუცილებელია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. თუ ეროვნულმა ბანკმა კურსის შენარჩუნება ვერ მოახერხა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გარეშე ბიზნესსა და მოსახლეობაზე სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ვალუტის კურსის ზრდა ავტომატურად ზრდის პროდუქტზე ფასს და აძვირებს ყველაფერს. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს, რომ ნებისმიერ ვითარებაში მოახდინოს ლარის კურსის სტაბილურობა, თუნდაც იმ ნიშნულზე, როგორზეც დღესაა. ესეც საკმაოდ უარყოფითია, მაგრამ უარესი არაფრით უნდა განმეორდეს.

რაც შეეხება დახმარებებს, მთავრობას, სავარაუდოდ, აღარ ექნება მსგავსი სოციალური პაკეტების გაცემის საშუალება, ვინაიდან მაშინ გამოყენებული იყო საერთაშორისო დახმარებები და საგარეო ვალი, რასაც კიდევ ერთხელ აღარავინ მოგვცემს”, - დასძინა „რეზონანსთან” კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×