
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება და კონფლიქტი დღითი-დღე მწვავდება. სულ უფრო გახშირდა და გაძლიერდა ორივე მხრიდან სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე. ათეულობით მშვიდობიანი ადამიანი ორივე მხრიდან უკვე დაღუპულია, მათ შორის ბავშვები. რაც შეეხება სამხედრო მსხვერპლს, ის მრავალი ასეულით და შეიძლება ათასობითაც იზომებოდეს. საკუთარ სამხედრო დანაკარგს ორივე მხარე ამცირებს, მოწინააღმდეგისას კი ბერავს, ამიტომ ამ მხრივ ზუსტი სურათის დანახვა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ქალაქი განჯის ცენტრალური უბანი სომხეთის სარაკეტო იერიშის გამო დაზიანებულია. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. ქალაქი უშუალოდ ცხელი წერტილიდან 90 კილომეტრით არის დაშორებული. ოფიციალური ინფორმაციით, განადგურებულია 370-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასევე იზრდება მსხვერპლიც. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხების მხრიდან თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზეც ხდება. პარალელურად, არ წყდება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქ სტეპანაკერტის (აზერბაიჯანულად - ხანკენდი) დაბომბვაც აზერბაიჯანული მხრიდან. იბომბება სხვა დასახლებული პუნქტები.
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს მხარს ნებისმიერ საკითხში დაუჭერენ, ასეთი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი უნდა გახდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქულ ტელერხთან ინტერვიუში განაცხადა.
„ერდოღანის თამამი და მტკიცე განცხადებები ბევრი ქვეყნისთვის გაფრთხილებად იქცა – მან მსოფლიოს განუცხადა, რომ აზერბაიჯანი მარტო არ არის და არ ჩაერიონ ჩვენს საქმეებში. აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობა სამაგალითოა“, - განაცხადა მან.
ინტერვიუში ალიევმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მისი თქმით, მაკრონმა აზერბაიჯანს ცრუ ბრალდებები წაუყენა და ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.
„მან თქვა, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაპყრობა სურს. მთიანი ყარაბაღი ჩვენი მიწაა. განა შესაძლებელია საკუთარი მიწის დაპყრობა? ჩვენ ამაზე ვერ გავჩუმდებით“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
აშშ-ის საელჩო საქართველოში საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ამერიკის, საფრანგეთისა და რუსეთის ერთობლივ განცახდებას აქვეყნებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, უმკაცრესად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ.
მინისტრები უპირობოდ, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები, სავარაუდოდ, მიმართული სამოქალაქო ცენტრებზე - კონტაქტის ხაზის გასწვრივ და აზერბაიჯან-სომხეთის ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ - და ამ თავდასხმების არაპროპორციული ბუნება რეგიონში სტაბილურობისთვის მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს“, - ვკითხულობთ ტექსტში
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან ფაშინიანის დასჯის მცდელობა. შესაბამისად, რუსეთი კონფლიქტში ამ დრომდე ღიად არ ერთვება. თუმცა ამას ვერც შეძლებს, რადგანაც ეს ბრძოლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიდის და ღიად მის წინააღმდეგ ვერც გამოვა. თუმცა ფარული დახმარებაც შეუძლია, რასაც ჯერჯერობით არ აკეთებს. ანალიტიკოსს მიაცნია, რომ სანამ სომხეთის პრეზიდენტი ფაშინიანი ბოლომდე არ დაისჯება, მანამდე რუსეთი საქმეში არც ჩაერევა.
„თავად რუსეთისთვის დიდი მნიშვვნელობა არა აქვს, ყარაბაღის რა ნაწილს გააკონტროლებს აზერბაიჯანი და რას სომხეთი. ამით რუსეთი მხოლოდ საკუთარ ძალებს იმყარებს. ის ერთი მხრივ ცდილობს ორივე ქვეყანას აჩვენოს, რომ მის გარეშე სხვა გზა არ არსებობს, რადგანაც პუტინს ფაშინიანი გულზე დიდად არ ეხატება, ის ახლა მის ბოლომდე დასჯას შეეცდება.
ხოლო როდესაც მას ბოლომდე დაანახებს, რომ მის გარეშე სხვა გზა არა აქვს, მხოლოდ მაშინ შეეცდება გარკვეული სახის აქტიურობას. არ ველი, რომ რუსეთი ასე ღიად ამ კონფლიქტში ჩაერთოს. ის ისედაც ჩართულია და საბოლოო ჯამში ყველაფერს მაინც თავად მართავს, მაგრამ ორივე მხარესაც თამაშობს. ნუ, თუკი თურქეთი უკვე ღია ომში შევა, ამ შემთხვევაში შეიძლება ომში რუსეთიც ჩაერთოს, მაგრამ არ მგონია სიტუაცია ამ დონემდე მიუშვან“, - აცხადებს რუხაძე „რეზონანსთან“.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეეიშვილი კი აცხადებს, რომ ახლა პროცესი საკმაოდ უცნაურად მიმდინარეობს, გარკვევით ჩანს, რომ პოზიციები ერთი და იგივეა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ 2016 წლის მსგავსად აზერბაიჯანმა მცირე ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვოს და რამდენიმე სოფელი დაიკავოს. ამის შემდეგ კი ფსიქოლოგიური უპირატესობით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ამის შემდეგ უკვე ჩაერევა რუსეთი, რომელიც ამ კონფლიქტში წამყვანი ფაქტორია.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის აზრით, თუ თურქეთი და რუსეთი რამეზე შეთანხმდებიან, ეს აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის მისაღები იქნება, შესაბამისად მისაღები იქნება უკვე ევროპისა და ამერიკისთვისაც.
„ვფიქრობ, ახლა გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ აზერბაიჯანს რაღაცა მცირედი მაინც შეუნარჩუნონ, ალბათ ახლა კულუარული მოლაპარაკებები აქეთკენ მიდის, პოზიციები ცალსახად თანაბარია, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალები ერთმანეთს უმკლავდებიან, ორივე მხარე ხვდება, რომ მათ იმდენი რესურსი არ აქვთ, რომ როგორც სურთ, ოპერაციები ისე განახორციელონ, შესაბამისად რეალობასთან შეგუება მოუწევთ. ერთპიროვნულ ცალსახა უპირატესობას ვერავინ მოიპოვებს. ხოლო რუსეთი და თურქეთი თუ შეთანხმდნენ, ამ შემთხვევაში კი სიტუაცია კიდევ უფრო რადიკალურად შეიცვლება. რასაც ეს ორი დიდი სახელმწიფო გადაწყვეტს ევროპაც და ამერიკაც თანახმა იქნებიან," - ამბობს ზაქარეიშვილი.