
სომხურ-აზერბაიჯანული სამხედრო დაპირისპირება საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე საგრძნობ გავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის კონფლიქტს უშუალოდ ჩვენთან არც გეოგრაფიული და არც პოლიტიკური შეხება არ აქვს, მისი განახლება ძალიან სერიოზულ და მრავალმხრივ რისკებს შეიცავს საქართველოსთვისაც.
ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. მოსალოდნელია გადაზიდვების შემცირება, შესაძლოა, საქართველოს გავლით ტვირთების მოცულობამ საგრძნობლად დაიკლოს. ვარდნაა მოსალოდნელია ავტომობილების რეექსპორტში აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით, რომელიც პანდემიამდე დრომდე საკმაოდ მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა. რაც შეეხება ენერგომატარებლების იმპორტს, პრობლემას ეკონომისტები არც ამ მიმართულებით გამორიცხავენ.
როგორც კვლევებით დადასტურდა, სომხეთ-აზერბაიჯანის ომმა საქართველოში ფულად გზავნილებზე ნეგატიური გავლენა მხოლოდ სომხეთის მიმართულებით იქონია, აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები კვლავ მზარდია. ,,თიბისი კაპიტალის“ ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში ფულადი შემოდინება აზერბაიჯანიდან ძლიერ მატებას აჩვენებს. სომხეთიდან უკვე უარყოფითი ტენდენციაა.
ეკონომისტ გივი მომცელიძის შეფასებით, აზერბაიჯან-სომხეთის საომარი ვითარება მთელ რეგიონს და, მათ შორის, საქართველოს, საინვესტიციო მიმზიდველობას უკარგავს, რადგან ინვესტორმა რომ საქმეში ფული ჩადოს და ბიზნესი წამოიწყოს, სჭირდება სტაბილური და უსაფრთხო გარემო.
,,რეგიონში, სადაც სამხედრო დაპირისპირებაა, ინვესტირებისგან ყველა თავს იკავებს, რადგან კონფლიქტური წერტილების მიმდებარედ კაპიტალის დაბანდება მაღალრისკიან საქმედ ითვლება და ეს ინვესტორებს არ უღირთ, რაც არ უნდა დაბალი და ლიბერალური საგადასახადო პირობები შესთავაზო მათ. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი საქართველოს ინვესტიციებს დააკარგინებს არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნიდან, არამედ, სხვა სახელმწიფოებიდანაც. საომარი მოვლენების უარყოფითი შედეგები არა მხოლოდ ახალი კაპიტალის ნაკადების, არამედ არსებულის გადინებაშიც შეიძლება გამოვლინდეს, რაც უშუალოდ შეიარაღებული დაპირისპირების მასშტაბების ზრდასა და ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული“, - განუცხადა მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.
ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია, თუ რამდენს დაკარგავს, როგორი დანაკლისს მიიღებს ამის გამო საქართველოს ეკონომიკა, თუმცა ცალსახაა, რომ ზარალი არ მცირე.
,,როცა საომარი მოქმედებაა ორ ქვეყანას შორის, ვაჭრობა შემცირდება. ეს, ცხადია, ლარის კურსზეც აისახება. ჩემი აზრით, ის მიმართულებები, რომელიც აქამდე აქტიური იყო, ავტომობილების რეექსპორტი და ცოცხალი ხორცის ექსპორტი აზერბაიჯანში, დაიკლებს, თუმცა შეიძლება ენერგომატარებლების იმპორტის მხრივ დიდი ცვლილება შეიძლება არც მოხდეს, თუმცა რაღაც დოზით პრობლემები ამ მხრივაც არის მოსალოდნელი. საბრძოლო მოქმედებებისას თუ დაზიანდა ბაქო-ჯეიჰანის, ან ტანაპის პროექტით გათვალისწინებული მაგისტრალი ან საქართველოში შემომავალი სხვა საერთაშორისო დონის კომუნიკაცია (როგორიცაა სამხრეთ კავკასიური მილსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი), მაშინ გარკვეული შემოსავლები დაგვაკლდება და ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემებიც შეგვექმნება“, - აღნიშნა მომცელიძემ.
რაც შეეხება კონფილიქტის გავლენას ლარის კურსზე, ანალიტიკოს ნიკა შენგელიას დაკვირვებით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებულ საომარ ვითარებას, ჯერჯერობით, მათი ვალუტის გაუფასურებაზე მნიშვნელოვნად არ უმოქმედია, მაგრამ თუ კონფლიქტი არ შეწყდა, ეს გარდაუვალია. ეს კი გავლენას იქონიებს რეგიონის ვაჭრობის ინდიკატორებზე და ყველა მიმდინარე ეკონომიკურ პროექტზე. კავკასიის რეგიონში შექმნილი საომარი ვითარება, საქართველოში ინვესტიცების შემოდინებაზე ასევე ნეგატიურად იმოქმედებს.
,,იმ შემთხვევაში, თუ სომხურ-აზერბაიჯანული საომარი ვითარება დროულად არ შეჩერდება, გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და პოლიტიკურ სიტუაციაზეც, რადგან ნეგატიურად აისახება როგორც ვალუტის კურსზე, ეკონომიკის განვითარებასაც მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის. ომის დროს რეგიონი და მათ შორის საქართველო, საინვესტიციო მიმზიდველობას კარგავს. როდესაც ასეთი ტიპის ფაქტორი ჩნდება, ეკონომიკაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მთავრობამ სულ რომ გაანულოს საგადასახადო განაკვეთები, ინვესტიციები მაინც არ შემოვა. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პოლიტიკური სტაბილურობის თემას," - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან შენგელიამ.
შედარებით ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა ეკონომისტმა დემურ გიორხელიძემ, რომლის აზრითაც, კონფლიქტის დეესკალაცია მალე მოხდება და გლობალურ ან რეგიონულ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება. მისი აზრით, ეს არ არის მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის ბრძოლა და ამ კონფლიქტს ძალით გადაჭრის არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
,,დღეს რაც კავკასიაში ხდება, გეოპოლიტიკის გავლენაა, აქ არის ურთიერთგამოდევნის, ურთიერთშესუსტების პოლიტიკა. ვფიქრობ, რომ დიდ ომში გადაზრდის არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
არა მგონია, იმ მთავარ წყაროებს, რომელიც აზერბაიჯანთან გვაკავშირებს, განსაკუთრებით – ენერგომატარებლებს, რაიმე საფრთხე შეემქნას. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ძალიან კარგად იცის, რომ იმას, რაც გლობალურ ინტერესებშია, ხელი არ უნდა ახლონ, რადგან ეს ცუდად დასრულდება. გაზისა და ნავთობის გამტარ მილებს არაფერი ემუქრება. ეს ორივეს კარგად აქვს გათავისებული“,- აღნიშნა გიორხელიძემ და დასძინა, რომ კონფლიქტს ირიბი გავლენა ლარზეც კურსზე, სავარაუდოდ, ექნება, თუმცა არა მნიშვნელოვანი.