
მთავრობა 2021 წლის საბიუჯეტო სახსრებს ვერ განკარგავს ისე, რომ შემოსავლებისა და გადასახდელების ნაწილში პრობლემა არ ჰქონდეს. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ჯერაც განხილვის პროცესშია, მაგრამ თავდაპირველი ვერსია უკვე გახდა კრიტიკის საფუძველი. ასეთი განწყობის ძირითადი მიზეზი საბიუჯეტო დეფიციტია. გადასახდელების ნაწილში ნაწილში ბიუჯეტი იზრდება 17 მილიარდ ლარამდე, ხოლო შემოსულობების ნაწილში 14,7 მილიარდი ლარით განისაზღვრა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, შემოსულობების და გადასახდელების ნაწილში ასეთი დიდი სხვაობა სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაში დიდ პრობლემას გამოიწვევს.
მთავრობა გადასახდელების მოცულობას ზრდის იმ არგუმენტით, რომ გაისად ეკონომიკა გაიზრდება, მაგრამ აშკარაა, რომ ვალების იმედადაა, რაც უდიდეს რისკს ქმნის. სხვაობა შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილში დაახლოებით 2,5 მილიარდია და თითქმის არ ჩანს გზა, რით შეავსებენ დეფიციტს და ან რამდენად გამართლებულია არარაციონალური ხარჯვა კრიზისის პირობებში, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მომავალ წელს საგარეო ვალის მომსახურების მხრივ 3,5 მილიარდი ლარია გადასახდელი.
ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, ეკონომიკა მცირდება და საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ გაიზრდება, რაც ბიუჯეტს და ქვეყნის ეკონომიკასაც, საბოლოდ უზარმაზარ პრობლემას შექმნის.
,,ცალკეულ შენიშვნებზე აღარც ვამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც ეკონომიკურ ან სოციალურ პრობლემებს წყვეტს. პანდემიის გამო გადაწყდა ისე, რომ ძირითადად სოციალურ პროექტებზე არის ბიუჯეტი ორიენტირებული, სხვა გზა უბრალოდ, არ გვაქვს. ეკონომიკაში ფულის ჩადება ვეღარ მოხერხდება, სოციალური პროექტებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულბა გააქტიურდა. სამწუხაროდ, ეს არ ხდება ეკონომიკის ზრდის ხარჯზე, ვალებით კიდევ უფრო დავიმძიმეთ თავი და ეს ფული საბოლოოდ ისევ ჩვენი გადასახდელია. შემოსავლები გადასახდელებს ჩამორჩება ძალიან დიდი სხვაობით. დეფიციტი მატულობს, გასაგები მიზეზის გამო ეკონომიკა მცირდება და დისბალანსი კიდევ გაიზრდება. ცხადია, ასეთი პრობლემა არ წყდება.
ეპიდემიის გამო იმდენად გაუჭირდა მოსახლეობას, რომ მორალური უფლება არ გვაქვს, სოციალური პროექტები ვაკრიტიკოთ, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემაა, მაგრამ რატომ და როგორ მივიდეთ აქამდე და რა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი არ დაგვჭირდეს, ამაზე პასუხს არავინ იძლევა“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ გია ხუხაშვილმა.
შემოსულობებთან დაკავშირებით ბიუჯეტის პრობლემაზე გააკეთა აქცენტი ბიზნესის სამართლის ექსპერტმა, აკაკი ჩარგეიშვილმა. მისი აზრით, პრობლემაა მოსალოდნელი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დონეზეც, რაც საბოლოოდ ისევ ცენტრალურ ბიუჯეტს დააწვება ტვირთად.
,,საშემოსავლო გადასახადი ეს არის ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსულობების წყარო. დანამდვილებით შემცირდება თვითმმართველობის დონეზე შემოსავალი და და ამ ბიუჯეტის სტიმულირება საჭირო გახდება უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების ბიუჯეტიდან. დიდი სირთულის წინაშეა ქვეყანა. თავისთვად ცხადია, თუ ბიზნესი ვერ დადგება ფეხზე და გადასახადებს ვერ გადაიხდის, ბიუჯეტს შეექმნება რისკი.
ცალკეული დარგების სუბსიდირებაზე დიდი ფული დაიხარჯა, ამასთან, ვალების აღება ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის შევსების პრობლემა არ გვიდგას, მაგრამ ვალების გადახდაზე უნდა ვიზრუნოთ, რაც ოპტიმისტურ პროგნოზს არ იძლევა. სახელმწიფოს შიდა ვალდებულებებიც დიდია, რადგან ბიუჯეტზე დგას თავდაცვა, პოლიცია, შიდა სტაბილურობა, უსაფრთხოება და სხვა. ამასთან, წინასაარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, ლარზე ზეწოლა გაიზრდება და ინფლაციასთან ერთად მუდმივად გაუფასურების საფრთხის წინაშე ვიქნებით, რაც ასევე დიდი პრობლემაა“, - განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“. სპეციალისტები ცალკე პრობლემად მიიჩნევენ იმასაც, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ის, რომ მთავრობა ბიზნესს გარკვეულ შეღავათს უწესებს, ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის შეფასებით, ძირითადად, საბანკო სექტორისკენ მიმართული სახსრებია და მოსახლეობის კეთილდღეობას ვერ აუმჯობესებს.
,,ძალიან ბევრი დარგია, სადაც შეღავათი აუცილებელია, მაგრამ თუ ვეხმარებით ვინმეს, ეს უნდა იყოს გეგმაზომიერი და ვადებში გაწერილი პროცესი. საკითხავია, რამდენად არის ამ ქვეყანაში იმის სიტუაცია, რომ ბიუჯეტიდან ფული დაიხარჯოს, დამატებული ღირებულება შეიქმნას და ქვეყანაც და ხალხიც ფეხზე დადგეს. 17 მილიარდის ხარჯვა არ მიმაჩნია სწორად, არადა ვხედავთ, რომ ბიუჯეტი მთლიანად ხარჯვაზე არის ორიენტირებული“, - აღნიშნა ეკონომისტმა და დასძინა, რომ არსებულ სიტუაციაში ბიუჯეტის ზრდა ძალიან ცუდია, რადგან ამით ქვეყნის განვითარება შეფერხდება.
,,შემოსულობებში სიმცირეა და საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ უფრო გაიზარდა, ეს დიდი პრობლემაა. შეღავათიან კრედიტები და სუბსიდიები, რომელსაც ბიუჯეტი მოსახლეობის გადახდილი ფულით ავსებს, ისევ და ისევ მსხვილი ბიზნესების ხელშეწყობას ხმარდება, ანუ ამ კრედიტების ამღებები არიან ის ადამიანები, რომლებსაც კარგად გამართული ბიზნესები აქვთ. გამოდის, რომ ასეთი მიდგომით მდიდარი უფრო მდიდრდება და ღარიბი კიდევ მეტად ღარიბდება. გაჭირვებული ფენის მიერ გადახდილი ფული ფაქტობრივად, მდიდრების ჯიბეში მიდის. ეს არ არის სწორი.
ბიუჯეტის ფინანსები მაქსიმალურად თუ არ მივმართეთ რეალურ სექტორზე, წარმოების და მეურნეობის განვითარებაზე, სხვანაირად გამოვა, რომ ფულს ტყუილად დავხარჯავთ. ვალს ავიღებთ და არაფერი შეგვემატება. ცხადია, სხვა სექტორიც არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ აქცენტი წარმოებასა და განათლებაზე უნდა გაკეთდეს, ვექტორი ამისკენ უნდა შემოტრიალდეს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" სოსო სიმონიშვილმა.