
COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ბაზარს საკუთარი რეზერვებიდან 450 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა, ამასთან, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი ინტერვენციების სახით წლის ბოლომდე კიდევ 200 მილიონ დოლარზე მეტს გაყიდის, მაგრამ ლარის კურსის გაუფასურება ამ ნაბიჯებმა მაინც ვერ შეაჩერა. პირიქით, ჯამურად ლარი დოლართან მიმართებაში სექტემბერში თითქმის 7%-ით გაუფასურდა.
"თიბისი ჯგუფის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ლარი დოლართან მიმართებაში 3.15-ის ფარგლებში იქნება.
„ბოლო დღეებში თიბისი ჯგუფის პროგნოზზე მეტად გაუფასურდა ლარის კურსი, თუმცა ეს ზედმეტად გაუფასურება იყო, ამას მთავრობა და ეროვნული ბანკიც აცხადებდნენ. ეს ძირითადად გამოიწვია ზედმეტმა ნეგატიურმა მოლოდინებმა, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებითაც, რადგანაც ამბობედნენ რომ არჩევნების შემდეგ კურსი უფრო მეტად გაუფასურდება. თუმცა სხვა ფაქტორებიც იყო და ალბათ უფრო მნიშვნელოვანიც, მათ შორის თურქული ლირის გაუფასურება. რაც შეეხება პროგნოზს, თიბისი კაპიტალი ჯერჯერობით არ ცვლის თავის პროგნოზებს და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის 3.15-ს ფარგლებში იქნება, მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქვე მნიშვნელოვანია დოლართან სხვა ვალუტების დინამიკაც და ინტერვენციების მოცულობაც. მოლოდინი გვაქ რომ ეროვნული ბანკი ბაზარს დამატებით მნიშვნელოვანი ოდენობის სავალუტო სახსრებს მიაწვდის“, — განუცხადა "კომერსანტს" ოთარ ნადარაიამ.