
ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება, თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლება რადიკალურ ნაბიჯებს არ დგამს. მთავრობის მეთაური და წევრები ამბობენ, რომ ეკონომიკის კიდევ ერთხელ ჩაკეტვა არავითარ შემთხვევაში მოხდება. მიუხედავად ამისა, დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარება თავისდაუნებურად უწესებს ბიზნესს შეზღუდვებს. თანდათან ეკონომიკაც თითრეგულაციაში ექცევა. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, როგორ მოქმედებს რთული გართულებული მდგომარეობა საწარმოებსა და კომპანიებზე.
კერძო სექტორში ერთხმად ამბობენ, რომ მოთხოვნა და მიწოდება საგრძნობლად შემცირებულია და დროთა განმავლობაში ბიზნესს მეტად გაუჭირდება, ვიდრე პირველი ტალღისას. ფაქტობრივი ვითარება ახლა დაძაბულია - პირველი ტალღის ზიანს, გაუფასურებული ლარი, სამეზობლოში ომი და ინფიცირების უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელიც ემატება.
მთავრობის მეთაური, მოხალეობას და ბიზნესს მხოლოდ რეკომენდაციებით მიმართავს. ცალსახაა ხელისუფლება მკაცრ ზომებს თავს არიდებს, რადგან აჭარა, სადაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 400-ს მიუახლოვდა, დღემდე არ ჩაკეტილა.
"ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი დღეს ეს ყველაფერი შევზღუდოთ, არ გვაქვს“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროცესები რთულად სამართავი არ გახდეს.
„ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ნაბიჯები. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. მეორე მხრივ, ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უკიდურესად რთული სამართავი“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, პრობლემები არსად შექმნილა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი.
როდემდე იდგება ყვეყანა და მისი ეკონომიკა ფეხზე რთული სათქმელია. ბიზნესმენი, ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ ჩვენ არ ვართ თვითრეგულირებადი ერი, რომელსაც შეიძლია მხოლოდ რეკომენდაციები გაითვალისწინოს. მიუხედავად ამისა, "ისთ გეით ჯგუფის" ხელმზღვანელი ფიქრობს, რომ მთავრობა ეკონომიკას კიდევ ერთხელ ვეღარ ჩაკეტავს.
,,როგორც ჩანს, ჩვენს მოსახლეობას არ შეუძლია თვითრეგულირება. ამაზე მეტყველებს ის, რომ სანამ ჩაკეტილი იყო ეკონომიკა, ძალიან დაბალი გვქონდა ინფიცირების მაჩვენებელი, ხოლო გახსნის შემდეგ ყველა ვხედავთ რა სურათიც გვაქვს. მთავრობა რომ რეგულაციებს აწესებდეს, აჭარა უნდა ჩაეკეტა და მკვეთრად დაიკლებდა ინფიცირებულთა ოდენობა, დანარჩენ საქართველოში.
ბევრი მიზეზია, რის გამოც მთავრობა ვეღარ აწესებს შეზღუდვებს. ბიზნესის ყველა დარგს იმდენად უჭირს, რომ დამატებითი აკრძალვები ადვილი წარმოსადგენია მათ როგორ დღეში ჩააგდებს.
ახლა ყველაფერი თვითშეგნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეპიდსიტუაცია მოქმედებს ბიზნესზე და ამცირებს ისედაც მინიმუმამდე დასულ მოთხოვნას. ასეა ყველაგან და ამ მხრივ ჩვენ ვერანაირად ვიქნებით გამონაკლისი, მით უფრო იმპორტზე 70%-ით დამოკიდებული ქვეყანა ვართ. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენს ეკონომიკას სულ უფრო მეტად უჭრის“ - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" იაშვილმა.
ბიზნესისთვის რომ რთული შემოდგომაა, ადასტურებს ლილოს ბაზრობაზე ჭურჭლის მაღაზიის მფლობელი მაია ტაბატაძეც. ხალხი დიდი თავშეყრის ადგილებს და ფულის ხარჯვას იმაში, რაც პირველადი დანიშნულების არ არის, ძალიან ერიდება.
,,ბაზრობების მდგომაროება მას მერე გართულდა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს დაგვხურეს. ამის შემდეგ, მუდმივად ტრიალებს ჭორი, რომ ლილოს მომავალი კვირიდან ჩაკეტავენ. ეს მესმის, რაც გავიხსენით იმ დღიდან და ამ რეჟიმში გვიწევს მუშაობა. რასაკვირველია მომხმარებლი ერიდება ასეთი თავშეყრის ადგილებში სიარულს, ხოლო ვინც მოდის, ისინი, თავის მხრივ, ფულის ხარჯვას ერიდებიან. მხოლოდ გადაუდებელი აუცლებლობის საქონელს იძენენ. ამიტომ ჭურჭლის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვა, ბუნებრივია, შემცირებულია“, - აღნიშნა მცირე მეწარმე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
ეკონომისტები შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს უკვე ძნელად ხედავენ. ანალიტიკოს ირაკლი მაკალათიას აზრით, გაზაფხულზე დაწესებულმა უმკაცრესმა შეზღუდვებმა და მისგან გამოწვეულმა ეკონომიკის სრულმა რეცესიამ იმდენად უარყოფითი შედეგი მოიტანა, რომ რთულია თავის დაღწევა.
,,როცა პირველი ჩაკეტვა იყო გაზაფხულზე, მაშინაც ვამბობდი, რომ შეზღუდვა ვერ მოიტანდა ვერავითარ შედეგს და დრომ ეს გამოაჩინა ძალიან ნათლად. როგორც კი გაიხსნა ეკონომიკა, ინფიცირების ნახტომისებური ზრდა დაიწყო, ანუ ჩვენ მაინც ვერ შევაკავეთ ვირუსი და დავაზიანეთ ეკონომიკაც. მაშინ ვირუსის გადადების შემთხვევები იყო ცოტა, ახლა არის ბევრი და მაშინ რატომ დაიკეტა და ახლა რატომ არ იზღუდება? ეს ზუსტად ადასტურებს, რომ ვერ გაუძლებს ეკონომიკა ჩაკეტვას, ამაზე დღეს ყველა თანმხდება.
რა თქმა უნდა მეორე ტალღა, რომელიც უკვე დაწყებულია, აისახება ეკონომიკაზე და სავარაუდოდ, უფრო მძიმედ ვიდრე პირველი, რადგან მაშინდელმა ჩაკეტვამ და სრულმა რეცესიამ იმდენად უარყოფითი ეფექტი მოიტანა, რომ რთულია იქედან გამოსვლა. მთავრობამ საერთოდ რომ არ შეზღუდოს ბიზნესი, იგი უკვე თვითონაც იკეტება“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ანალიტიკოსმა.
ოქტომბრიდან მოყოლებული ყოველ 24 საათში ინფიცირების მაჩვენებელი 500 ერთეულის ფარგლებში ტრიალებს და დავირუსების შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.