
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარას, 72 თბილისს, 44 კი იმერეთს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირებულია 578 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი. აჭარაში დაფიქსირდა 416, თბილისში – 72, იმერეთში – 44, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23, ქვემო ქართლში -10, გურიაში – 8, სამცხე ჯავახეთში – 3, კახეთში – 1, შიდა ქართლში – 1“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 4077 პაციენტიდან 45-ის მდგომარეობა კრიტიკულია, აქედან 43 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან ცხრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.