
ყარაბაღში მიმდინარე შეტაკებებში მონაწილეობის მისაღებად, სავარაუდოდ, მოხალისეები ჩეჩნეთიდან ჩავიდნენ. ამაზე შეიძლება მეტყველებს ვიდეოჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის" გვერდ „ჩპგროზნი_95-ზე" ორი დღის წინ გავრცელდა წარწერით „ჩეჩნები უკვე იქ არიან #ყარაბაღი".
ყარაბაღში შეტაკებები უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. უკანასკნელი ინფორმაციით სომხეთის მხრიდან 202 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან დაჭრილების, დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.
დაუდგენელია როდის და კონკრეტულად სადაა გაღაღებული ჩეჩენი მებრძოლების ვიდეო, რომელმაც თავად ჩეჩნეთში საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია.
გავრცელებული ვიდეომასალის კადრში ჩანს რამდენიმე ათეული შეიარაღებული მამაკაცი და რამდენიმე ქალიც. ერთ-ერთი მამაკაცი ელაპარაკება მანქანით მიმავალ რამდენიმე მამაკაცს, რომელთა შორის ერთერთი აღნიშნულ ვიდეოს იღებს.
მამაკაცთან საუბრის დასრულებისა და გზის გაგრძელების შემდეგ, ხიდზე ასვლამდე კადრში გამოჩნდა ორი დამტვრეული პიკაპი, რომელთაც ვიდეოში ჩეჩნურ ენაზე მოსაუბრე მამაკაცის კომენტარის თანახმად, ტყვიამფრქვევიდან ესროლეს. მეორე ამოყირავებული პიკაპის ქვეშ კი სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანის ცხედარი ჩანს.
საინფორმაციო სააგენტო „კავკაზსკი უზელის" მიერ გამოკითხული ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იმ შემთვევაში თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და რამდენიმე ჩეჩენი მართლაც წავიდა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მხარეს ომში მონაწილეობისთვის, ეს არ იქნება ოფიციალურად რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ფედერაციის მიერ გაგზავნილი სამხედროები.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად საზღვრები დაკეტილია და სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე უშუალოდ ყარაბაღში მოხვედრა, სადაც საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, შესაძლებელია მხოლოდ ირანიდან.
რუსი ოფიცრების საექსპერტო კავშირის წევრი ალექსანდრ პერენჯიევი „კავკასზკი-უზელთან" საუბრისას აცხადებს, რომ საერთო რელიგიის ფაქტორის გათვალისწინებით შესაძლოა იმის ვარაუდი, რომ ჩეჩნები მართლაც წავიდნენ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისთვის მხარის დასაჭერად და მათთან ერთად საბრძოლველად.
თუმცა, პერენჯიევი ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რადგან, მისივე თქმით, ეს შესაძლოა რუსეთის დისკრედიტაციისათვის გაკეთებულიყო, „რათა ეთქვათ, რომ რუსეთის მოქალაქეები მონაწილეობენ ომში".
რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე გოლცი კი თვლის, რომ ჩეჩნების მონაწილეობა ყარაბაღში მიმდინარე ომში შესაძლებელია, რადგან მსგავსი გამოცდილება მათ უკვე ჰქონდათ.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენა ჩეჩნები სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებში, მაგალითად, 2008 წლის ომში. დანამდვილებით ვერ გეტყვით რისთვის იყენებენ ახლა ჩეჩნებს, თუ ისინი საერთოდ არიან იქ,", - განუცხადა ექსპერტმა „კავკაზსკი-უზელს".
პაველ ფელგენგაუერი კი „კავკაზსკი უზელთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჩეჩნების ჩასვლა მთიან ყარაბაღში რთული წარმოასდგენი არაა, თუმცა ამჟამად სომხეთს, ისევე როგორც აზერბაიჯანს, არა მეომრები, არამედ ისეთი ხალხი სჭირდება, ვისაც შეუძლია თანამედროვე იარაღის გამოყენება.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ჩეჩენს მსგავის იარაღი ხელში სჭეროდა", - თქვა ფელგენგაუერმა.