
დეზინფორმაციაა გავრცელებული რეკლამა, თითქოს პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია გიორგი ვაშაძესთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" პრესსამსახურში განაცხადეს.
პრესსამსახურის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შემოთავაზებულ წინასაარჩევნო დებატების წილისყრაში, პარტია „ქართულმა ოცნებამ" მონაწილეობა მიიღო და მასთან ერთად რაუნდში აღმოჩნდა გიორგი ვაშაძის პარტიაც, თუმცა ის, რომ დებატები გიორგი გახარიასთან, როგორც "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან შედგება, არის „ფეიკ ნიუსი" და სიმართლეს არ შეესაბამება.
"პარტია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ვინ წარადგენს პარტიას აღნიშნულ დებატებში, ამის შესახებ საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს", - აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში „აიპრესთან".
შეგახსენებთ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ Facebook-ის გვერდზე დაანონსა, რომ 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გიორგი გახარიასთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას.