რეზონანსი
03.10.2020

საქართველოს მთავრობამ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია უაღრესად რთული ვითარება.

„საომარი მოქმედებების გამო, ვერ ხერხდება დიალოგის განახლება, ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ, კვლავ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები და დეესკალაციის მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

ჩვენ ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და მომავალშიც ვიმოქმედებთ კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე. საქართველო ყოველთვის იყო და არის ერთგული ჩვენი ვალდებულებების, როგორც ჩვენი მეზობლების, ასევე საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების მიმართ. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები.

ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშუტებით, სამხედრო ტვირთების გატარებაზე, ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ, მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე და ყველა ქმედების შესახებ, რაც არის მიღებული საქართველოს ხელისუფლების მიერ, ისინი იყვნენ ინფორმირებული.

რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს, ქართული მხარე სრულიად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და მომავალში ვიქნებით სრულიად ერთგული ამ საერთაშორისო ვალდებულებების", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×