
მობილობის ზრდასთან ერთად, იზრდება დაავადებულთა რაოდენობა და იზრდება დაავადების გავრცელება, ამას ვერ გავექცევით, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობის ფასად განათლება სრულიად უნდა გავწიროთ, განათლებას თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს საზოგადოებაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, ადამიანის ჯანმრთელობისა და განათლების უფლებები ფუნდამენტური უფლებაა და არც ერთის წართმევა არ უნდა მოხდეს,მით უმეტეს, ერთიმეორის ხარჯზე.
„მაგრამ აქაც გარკვეული მოდელირების პრინციპით შეიძლება წავიდეთ. ვიცით, რომ გაიზრდება მობილობა, გაგვეზრდება შემთხვევათა რაოდენობა, ამას ველოდებით. არის კიდევ სხვადასხვა მოცემულობა, რომელიც დღეს უკვე ცნობილი გახდა ამ ვირუსის შესახებ. კერძოდ, ცნობილია, რომ 10 წლამდე ასაკში ამ ვირუსით ინფიცირებული ბავშვები უფრო ნაკლებად გადამდები არიან სხვებისთვის, ვიდრე მოზრდილი ადამიანები. ესეც ერთ-ერთი მოსაზრებაა ჰიპოთეზის სახით და ჯერ სრულად დამტკიცებული არ არის, მაგრამ არსებობს ასეთი აზრი და ეს არ ნიშნავს, რომ ეს ბავშვები სრულიად არ გადასდებენ სხვას - არა, გადასდებენ, მაგრამ იმდენად არა, რამდენადაც მოზრდილები. შესაბამისად, შეიძლება შევაფასოთ, თუ მცირე ასაკის ბავშვებს მივცემთ იმ მობილობის უფლებას, რომ ისინი ივლიან სკოლაში, იქ დაცული იქნება ადეკვატური პირობები ისე, რომ ამ ბავშვებში გავრცელების რისკი შევამციროთ", - განაცხადა ზახაშვილმა.