
ბოლო ერთ თვეში ლარი მკვეთრად გაუფასურდა, რაც მძიმე ტვირად აწვება მოსახლეობას და განსაკუთრებით იმ ფენას, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული. ლარის გაუფასურების სიმძიმე განსაკუთრებით ახლა იგრძნობა, რადგან საბანკო კრედიტების გადავადების პროგრამა, რომლითაც მსესხებლები ბოლო 6 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ, უკვე დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავას ინფორმაციით, მოლოდინი იმისა, ბანკებმა მსესხებლებს კრედიტების დაფარვის საყოველთაო გადავადება მესამედაც შესთავაზონ, აღარ არსებობს. ერთადერთი საბანკო სექტორ მზადაა იმისთვის, რომ თავის კლიენტებს ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შესთავაზონ საშეღავათო პერიოდი.
მაშინ, როდესაც ლარის კურსის პოზიტიური დინამიკა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა როგორც სამომხმარებლო ფასებზე, ისე მთლიანად ეკონომიკაზე, ამის ნაცვლად ეროვნული ვალუტა დღითი დღე განაგრძობს გაუფასურებას და ეს პროცესი შესაძლოა შეუქცევადი გახდეს. სპეციალისტებიც კი ვეღარ სცემენ კითხვაზე დაზუსტებულ პასუხს, როდის დასტაბილურდება ეროვნული ვალუტა.
რთულ მდგომარეობაში მყოფი მსესხებლების ერთადერთი გამოსავალი კი კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკება და კრედიტების რესტრუქტურიზაციაა.
სესხების გაძვირებას, ლარის გაუფასურებასა და არაჯანსაღ ეკონომიკურ ფონზე საუბრობს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. როგორც მან “რეზონანსს” განუცხადა, ლარის გაუფასურების გამო, მსესხებლებმა ფინანსურად იზარალეს. გამოსავალი კი კომერციულ ბანკთან დიალოგი და პრობლემის ინდივიდუალურად მოგვარებაა.
“ლარის კური ხშირად ახასიათებს მერყეობა, როგორც გაუფასურების, ისე გამყარების კუთხით. ჩვენ ვნახეთ, რომ პიკსაც მიაღწია კურსმა და შემდეგ დაიწყო კლება. როგორც ჩანს, ის იპოვის წონასწორობის ახალ წერტილს, იმედია არ იქნება 3.25-ზე მეტი და დასტბილურდება ლარი. მასზე ზეგავლენას, რა თქმა უნდა, ახდენს როგორც პოლიტიკური ფონი, ასევე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ეს ყველაფერი ერთად მოქმედებს უარყოფითად და პლუს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს ბოლო 8 წლის განმავლობაში.
რაც შეეხება იმ ადამიანებს ვისაც სესხი დოლარში აქვთ, მნიშვნელოვნად გაუძვირდათ მომსახურება. პირობითად თუ 2012 წელს 165 ლარი სჭირდებოდა 100 დოლარის შეძენას, დღეს 325 ლარი სჭირდება. ეს დიდი ტვირთია ადამიანებისთვის. გამოსავალი ეკონომიკირი პოლიტიკის გაჯანსაღებაშია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს სწრაფად ვერ მოხდება. ლარის კურსი შეიძლება დასტაბილურდეს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა თუ არ გაუმჯობედა, მსესხებლებს არაფერი ეშველებათ. ლარი სხვა დროს ისევ გაუფასურდება და ვივლით ამ წრეზე.
მათ, ვინც დაკარგა შემოსავალი ალბათ, უნდა მიმართონ კომერციულ ბანკებს და სთხოვონ კრედიტების რესტრუქტურიზაცია. ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს ინდივიდუალური მოლაპარაკება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან. თუ ადამიანს ნამდვილად შეუმცირდა შემოსავალი ან საერთოდ დაკარგა, მათ გადაუვადებენ სესხს, თუმცა ეს არ იქნება ისეთი მასობრივი მიდგომა, როგორიც იყო გაზაფხულზე და ზაფხულში” - განუცხადა “რეზონანსს” კეპულაძემ.
აფბა-ს პრეზიდენტი შოთა გულბანიც პრაგმატურ გამოსავლად მიიჩნევს, მოლაპარაკებას კომერციულ ბანკებსა და მსესხებელებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს გადასახდელი პროცენტი გაეზრდება, ეკონომისტი მხოლოდ ამ მხრივ ხედავს გამოსავალს.
“პრაგმატულად, რომ შევხედოთ ამ ადამიანების მდგომარეობას, ერთადერთი გამოსავალი ბანკთან მოლაპარაკებაა, სესხის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. თუმცა, ამის უარყოფითი ეფექტი ყველას კარგად მოეხსენება, სესხის გახანგრძლივებას გაძვირებული საპროცენტო განაკვეთი ემატება. ეს არის მხოლოდ მოკლევადიანი შეღავათი მსესხებლისთვის და ამ პერიოდში იგი უნდა ეცადოს, რომ შემოსავლის წყარო გაიჩინოს. თუ მთავრობამ ხელი აიღო ასეთ მსესხებლებზე და ბიუჯეტში არ არსებობს თანხა, რომ სუბსიდირება გაგრძელდეს, ადამიანებს მხოლოდ ერთი გზა რჩებათ - თავისი შესაძლებლობით დაიწყოს მოლაპარაკება მოაგვაროს ურთიერთობა კომერციულ ბანკთან. ეს საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ ჩანს,” - განაცხადა გულბანმა.
ეკონომისტმა ლარის გაუფასურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით ეროვნული ვალუტის დასტაბილურება მხოლოდ სებ-ის ჩარევის შედეგადაა შესაძლებელი.
“ლარის გაუფასურება გასაგებია, პანდემიაა ქვეყანაში და ყველაფერზე გავლენას ახდენს. ასეთ დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს სავალუტო ბირჟაზე ეკონომიკური აგენტების ქცევა, მოლოდინის თავლსაზრისით. როდესაც იცი წლის ბოლომდე იქნება ცუდი პერიოდი და შენი საქმიანობა დამოკიდებულია იმპორტზე, ყველანაირად ცდილობ გამონახო რესურსი, რომ პრობლემები არ შეგექმნას. ასეთი აგენტები ბევრია და წნეხიც იზრდება სავალუტო ბირჟაზე, რაც დოლარს ხდის დეფიციტურს.
სწორედ უარყოფითი მოლოდინის გამო დაეცა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით და ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ეროვნული ბანკის აქტიურ ნაბიჯებს,” - აღნიშნა შოთა გულბანმა “რეზონანსთან” საუბრისას.