კორონავირუსმა საქართველოს წინსვლის პერსპექტივა საბოლოოდ შეიწირა
გვანცა წულაია
30.09.2020

კორონავირუსის პანდემიამ ქართული ეკონომიკა ძალიან დააზარალა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემია დაიწყო, ყოველთვე რეცესია ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, აგვისტოში ქვეყნის მშპ-მა 5,3%-ით იკლო. მართალია, 2021 წლიდან მატებაა მოსალოდნელი, თუმცა სფეროს სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკას გაცოცხლებისვის 2 წელი მაინც დასჭირდება. 

საქართველოს ეკონომიკამ ვარდნა 2020 წლის მარტიდან დაიწყო. მარტში ეკონომიკური ზრდა 2,7 პროცენტი იყო, აპრილში კლებამ 16,6 პროცენტი შეადგინა, მაისში კი - 13,5 პროცენტი, ივნისში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელმა 7,7 პროცენტი შეადგინა, ივლისში კი 5,5 პროცენტი იყო. 

პანდემიის პირობებში, ქართულ ეკონომიკას ძალიან გაუჭირდა. საქართველოს ეკონომიკა მცირდებოდა მაშინაც, როდესაც პანდემიის გამო გაჩერებული ეკონომიკა ამუშავდა. 

ეროვნული ბანკის პროგნოზით, რეალური მშპ-ის ზრდა საქართველოში 2020 წელს -5 პროცენტი იქნება, რაც, ძირითადად, წმინდა ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირებით არის გამოწვეული.

„პანდემიის სწრაფი გავრცელების შეკავებისთვის შემოღებული შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე უარყოფითად აისახა. არსებითად დაზარალდა ტურიზმის სექტორი. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებული ვირუსის მეორე ტალღა და ვაქცინის შექმნის თარიღის გარშემო არსებული გაურკვევლობა. აღნიშნულის საფუძველზე მოსალოდნელია ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებისა და მკაცრი რეგულაციების გახანგრძლივება, რაც ტურიზმის სექტორს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს. 

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პარტნიორობით დაგეგმილი მოცულობითი ფისკალური სტიმული მძიმე შოკის შედეგებს ნაწილობრივ დააკომპენსირებს და პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ, გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზები გაურკვევლობის მაღალი დონით ხასიათდება“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნესი დიდად მაშინაც კი ვერ გამოცოცხლდა, როდესაც პანდემიის გამო დახურულმა სფეროებმა მუშაობა განაახლეს. პანდემიის გამო მიღებულმა შოკმა საქართველოს ეკონომიკა წლებით უკან დახია, ამიტომ მის აღდგენას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს 2-წლიანი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შეიწირა.

„ასეთ არასტაბილურ ვითარებაში პროგნოზის გაკეთება რთულია. თუ ახალ ფორსმაჟორულ გარემოებებს გამოვრიცხავთ, ყოველ მომდევნო თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იქნება ნაკლები ვარდნის მაჩვენებელი. ეს, დაახლოებით, ჰგავს იმას, როდესაც მიწისძვრა ხდება და შემდეგ მას პატარა ბიძგები მოსდევს. იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ შევძლებთ დადებით მაჩვენებელზე გასვლას, მაგრამ ეს იქნება ნულთან მაქსიმალურად მიახლოებული. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, დაახლოებით, 4-5-პროცენტიან კლებას ვვარაუდობ. 

თუ წელს მართლაც 5%-იანი ვარდნა გვექნება (5%-იანი ზრდის ნაცვლად), უნდა ჩავთვალოთ, რომ ეკონომიკური ზრდის სკალიდან 2 წელი სრულად ამოვარდნილი იქნება. ესე იგი, კორონავირუსმა საქართველოს 2-წლიანი წინსვლის პერსპექტივა შეიწირა”, - განაცხადა „რეზონანსთან” სტატისტიკოსმა და დასძინა, რომ სამეზობლოში დაწყებული კონფლიქტი საკმაოდ საყურადღებოა, რადგან დაძაბულობის გაგრძელება ანდა გაუარესება საქართველოსა და მის ეკონომიკაზე ცუდად აისახება. 

„გასათვალისწინებელია ისიც, რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას მოახდენს. როდესაც სამეზობლოში ზარბაზნები ქუხან, ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივა პროპორციულად იკლებს, ამიტომ უნდა ვისურვოთ, რომ სამეზობლოში კონფლიქტი მოგვარდეს, რათა ჩვენ გარშემო იყოს ნორმალური ეკონომიკური სიტუაცია”, - დასძინა სოსო არჩვაძემ.

გაჩერებულმა ტურიზმმა, ბიზნესმა, ანტირეკორდულად გაუფასურებულმა ლარმა და მიზნობრივზე გადაჭარბებულმა ინფლაციამ თავისი შედეგი გამოიღო და საქართველოს ეკონომიკა ჩიხში შეიყვანა. საქართველოს ეკონომიკის შოკიდან გამოსვლისა და მისი მაჩვენებლის გაზრდისთვის იმავე დროს ასახელებს ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი. მეტიც, თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, ეკონომიკას გამოცოცხლებისთვის შესაძლოა, 3-4 წელიც კი დასჭირდეს.   

„დანარჩენ თვეებშიც გვექნება უარყოფითი მაჩვენებელი, რადგან კრიზისი უფრო ღრმავდება, არსებული კრიზისი პანდემიით იყო გამოწვეული. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორების გზას არ ადგას, მათ შორის არც _ საქართველოში, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ იქნება ეკონომიკური ვარდნა. 

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ფაქტობრივად, პესიმისტური სცენარისკენ წავალთ და გვექნება საკმაოდ მაღალი უარყოფითი შედეგი. შესაძლოა, იყოს 8%-იანი ვარდნის მაჩვენებელიც. მართალია, აგვისტოში 5,3%-იანი ვარდნა დააფიქსირეს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს არ არის სწორი მაჩვენებელი. ისედაც დადგენილია, რომ 1%-იანი ცდომილება ყოველთვის არსებობს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში მათთვის სასურველი მაჩვენებელი აიღეს, ვიდრე _ რეალური. 

დღეს უკვე ჩანს, რომ, მინიმუმ, 2 წელი გვაქვს დაკარგული. თუ მალევე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, 3-4-წლიანი პაუზა გამოგვივიდეს”, - განუცხადა რამაზ გერლიანმა „რეზონანსს”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×