
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ წინასაარჩევნო კამპანიაში მღვდელმთავრების ჩართულობის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ ვინმეს პირადი სიმპატიები აქვს, ღონისძიებაზე დასწრების უფლება უნდა მიეცეთ.
ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის პოზიციაა, რომ ოპოზიციამაც და სახელისუფლებო გუნდმაც ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთობლივად უნდა იმუშაონ.
"მგონია, რომ ეს არის ძალიან სპეკულაციური თემა. ისეთი ღრმა და ძველი რეფლექსია სახელმწიფოებრიობისა, როგორიც ეკლესიას აქვს, არცერთ პარტიას არ გააჩნია. ვიღაცას თუ პირადი სიმპათიები აქვს, მივცეთ ამის უფლება. დავაკვირდი და ის ტელევიზიები სვამენ ამ კითხვებს, ვინც ყველაზე მეტად ლანძღავს ეკლესიას და მკვლელებს გვეძახიან. თუ ასეთი ცუდები ვართ, რატომ გადარდებთ ჩვენი იქ ყოფნა?", - განმარტა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.