
სასწავლო პროცესი ბევრ სკოლაში საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, 1-ელი ოქტომბრიდან კი მე-6 კლასის ჩათვლით, უკვე დიდი ქალაქების მოსწავლეებიც მიუსხდებიან მერხებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა იცოდეს, რა შემთხვევაში არ უნდა გაუშვან ბავშვები სკოლაში, რათა დაიცვან მათი, ასევე სხვა ბავშვების ჯანმრთელობაც.
ახლა ძირითადად კორონავირუსია ქვეყანაში. ნოემბრიდან, როდესაც ველოდებით რესპირაციული ვირუსების სეზონურ მატებას, უკვე დაიწყება რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის, რინოვირუსის, ადენოვირუსის, მეტაპნევმოვირუსის, ბოკავირუსის და, რაც ყველაზე მთავარია, გრიპის ვირუსების მატება. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ივანე ჩხაიძე თქმით, იმ დორისთვის ექიმებისთვისაც კი შეუძლებელი იქნება კორონავირუსის და გრიპის, ან სხვა ტიპის ვირუსების ერთმანეთისაგან ზუსტად გარჩევა, რადგან ძალიან ბევრი სიმპტომი ამ დაავადებების დროს სრულიად იდენტურია.
"მშობლებს ვურჩევდი, პირველ რიგში, სანამ კარგი ამინდია, ნუ შეზღუდავთ და ნუ ჩაკეტავთ ბავშვებს სახლში. რეკომენდაციების დაცვით, მაქსიმალურად იყვნენ ჰაერზე, მონაწილეობა მიიღონ ფიზიკურ აქტივობებში. ხელის დაბანისას უნდა გაითვალისწინონ, რომ პროცესი მინიმუმ, 20 წამი გაგრძელდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, რა თქმა უნდა, ხელის დაბანის შესაძლებლობა არ გვექნება, მაგრამ თან უნდა გვქონდეს ხელის დასამუშავებელი ანტისეპტიკური საშუალებები. ხელის ხშირი დამუშავება ჩვევაში უნდა იყოს გადაზრდილი. მშობელმა უნდა ასწავლოს შვილს, როგორ დაიმუშაოს ხელი სწორად და რამდენი წამის განმავლობაში, უნდა ასწავლოს ხველის და ცემინების ეტიკეტი, ნიღბის ტარებასაც სჭირდება ტრენირება. მარტო ნიკაპზე გაკეთებული ნიღაბი თავის მოტყუებაა და ბევრად უფრო რისკის შემცველია.
სკოლიდან დაბრუნებისას აუცილებელია ფეხსაცმლის მაშინვე გამოცვლა და კარგი იქნება, თუ სახლისა და სკოლის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი განცალკევებული იქნება, რადგან შესაძლებელია მგზავრობისას, გადაადგილებისას, სკოლაში პერანგზე იქნება ეს თუ პიჯაკზე, ვიღაცამ დაახველოს ან დააცემინოს და კორონავირუსს აქვს უნარი, რამდენიმე საათი იცოცხლოს ზედაპირზე.
ასე რომ, ჩაუტარეთ თქვენს შვილს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასწავლეთ ეს მარტივი რეკომენდაციები და ის მაქსიმალურად იქნება დაცული გრიპისა და კორონავირუსისაგან", - განუცხადა "მშობლები.ჯი"-ს ივანე ჩხაიძემ.
mshoblebi.ge