კომპანიების ნაწილი გადასახადების გადახდას ვერ შეძლებს, ხოლო ხალხი ზამთრის წინ გაკოტრებული დარჩება
ირაკლი ლომიძე
28.09.2020

ეპიდემიის გამო განადგურებული ბიზნესი სასესხო ვალდებულებებს თავს ვერ ართმევს. ახლა, როცა საშეღავათო პერიოდი დასრულდა და შეჩერებული პროცენტების გადახდის დრო დგება, ბიზესს უკვე ამ ვალდებულების გასამკლავებლად  რესურსი არ ყოფნის. განსაკუთრებით იმ ნაწილს უჭირს, რომელსაც დოლარში აქვს სესხი. რასაკვირველია უჭირთ რიგით ადამიანებსაც, რადგან განკარგვადი შემოსავალი უმცირდებათ და სულ უფრო ნაკლები რჩებათ საარსებოდ თუ ვალდებულების შესასრულებლად.

ახლა, როცა სესხის გადავადების პერიოდი დასრულდა და გადავადებული სესხების მომსახურება სწორედ სექტემბრიდან გააქტიურდა, როგორც მოსახლეობის, ასევე მეწარმეების მდგომარეობა უფრო მეტად გართულდება.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე  აცხადებს, რომ დღესდღეობით ბიზნესის გაკოტრების პროცესი დაწყებულია და სამომავლოდ პრობლემა უფრო გაღრმავდება. კიდევ მეტი პრობლემა ელით მოქალაქეებსაც, რომლებიც ბანკების პირისპირ, ფაქტობრივად,  უსახსროდ დარჩნენ.

,,საფრთხე დიდია, შეღავათებმა გააჩერა გაკოტრების პროცესი, მაგრამ არც ქვეყანაში და არც მსოფლიოში ვითარება არ გამოსწორებულა. სამომავლოდ ბიზნესს და მოსახლეობასაც  დიდი პრობლემა ელის.  უკვე გამოიკვეთა, რომ ეკონომიკა ვერ გამოცოცხლდება და ცხადია, ეს ზოგიერთი ბიზნესის გაკოტრებას გამოიწვევს. კომპანიების ნაწილი გადასახადების გადახდას ვერ შეძლებს, თუკი ვინმე რაიმე ტიპის სესხს იღებს, მხოლოდ გადარჩენისთვისკენაა მიმართული და  ახალი ვალდებულებების ბიზნესის გაზრდა-განვითარებას არ ხმარდება. 

საითაც გავიხედავთ, ყველგან პრობლემაა. განკარგვადი შემოსავალი შემცირდება, რადგან ეკონომიკიდან ამონაგები არ არის,  ხოლო ახლა გაჩერება ნიშნავს გაკოტრებას და ამიტომ მოსახლეობას მომავალში მეტი დახმარება დასჭირდება. ავადმყოფს თუ არ უმკურნალებთ, მდგომარეობიდან ისე ვერ გამოვა.  ასეა ჩვენი  საქმეც, ძალიან რთული სიტუაციაა და საბანკო ვალდებულებები ამ მხრივ დიდ პრობლემას გამოიწვევს“, - განუცხადა აკადემიკოსმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.  

საბანკო სესხებთან დაკავშირებით..ლელოს“ წარმომადგენელმა, გიგლა მიქაუტაძემაც ისაუბრა.  საშეღავათო პერიოდი დასრულდა, კრიზისი კი ისევ რჩება და მთავრობა ვეღარაფერს სთავაზობს მოსახლეობას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით.

„არაერთმა ქვეყანამ გადაავადა სესხების გადახდა ერთი წლით. ეს მოხდა იმის საფუძველზე, რომ ცენტრალურმა ბანკებმა და მთავრობამ შეიმუშავეს ახალი სქემა. ანალოგიურად უნდა მოხდეს საქართველოშიც. მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო სექტორმა უნდა შეიმუშაონ სესხების რეფინანსირების გზა, რომელიც პანდემიით დაზარებულ ადამიანებსა და კომპანიებს 6 თვით მაინც მისცემს სესხების გადავადების საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი შავ სიაში აღმოჩნდება და მალე მივიღებთ საბანკო კრიზისს, რომელიც საბოლოოდ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება“ - განაცხადა  მიქაუტაძემ.

სასესხო ვალდებუბულებების შეუსრულებლობაზე ბიზნესიც უკვე ხმამაღლა საუბრობს. პრობლემაა როგორც მცირე, ასევე მსხვილ ობიექტებში, სადაც ეპიდემიის გამო მუშაობა თითქმის გაჩერდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე მე-16 საუკუნის მარნის, „ნუმისის“ მფლობელი ნუნუ კარდენახიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ მარანს ყოველდღიურად ათეულობით ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა ახალი კორონავირუსის გამო, ტურისტების ვიზიტი ჯერ შემცირდა, შემდეგ კი, საერთოდ შეწყდა. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა საბანკო სესხია.

,,ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ვალს ვერაფერს ვუხერხებთ, ვენახებს ვყიდით, მაგრამ მყიდველიც არ არის. ანალოგიური სიტუაციაა მთელ რეგიონში, ფაქტობრივად განულებული გვაქვს შემოსავალი. ყველაფერს შეიძლება მოვერიოთ, მაგრამ საბანკო ვალდებულებებს ვერ ვუმკლავდებით. ხმას არ ამოვიღებდი, რომ სესხის გასტუმრება შემეძლოს. 

კერძო კომპანიამ კრიზისის დაძლევის მიზნით "პრომოუშენი" გაგვიკეთა, ამან უმნიშვნელოდ შცვალა სიტუაცია, ოჯახები მოდიან ხოლმე, მუზეუმს ათვალიერებენ, მაგრამ აქედან შემოსავალი თითქმის არ გვაქვს.  ვითარებამ, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული, ჩემზე პირდაპირი ფინანსური დარტყმა იქონია. დასაფარი მაქვს გადასახადები, მაგრამ ისეთი მდგომარეობაა, არ ვიცი რა იქნება. ეს ისეთი დარგია, ვერაფრით ჩავანაცვლებთ. მთავრობა ძალიან მონდომებულია, რომ დაგვეხმაროს. ბანკებთან შუამავლობას თუ გაგვიწევენ და სესხებს გადაგვივადებენ, ამაზე დიდი მხარდაჭერა, არაფერია“, - აღნიშნა  ნუნუ კარდენახიშვილმა.

მარნის მფლობელის აღნიშნავს, რომ სეზონის მიხედვით 9-15 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და ამ ეტაპზე მხოლოდ 1 თანამშრომელი შემორჩა და სიტუაცია თუ არ შეიცვალა, გაკოტრება  ელის.

ცალკე პრობლემაა ისიც, რომ სესხების გადავადება ბანკებმა სათავისოდ გამოიყენეს და მოსახლეობას კიდევ უფრო დაუმძიმეს საგადასახადო ტვირთი.  ეს მოხდა მასიურად ყველა მსესხებელთან მიმართებაში, ვინც 3-თვიანი შეღავათით ისარგებლა.

სასესხო პირობების გაუარესებაზე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ისაუბრა მცირე მეწარმე ლელა გახოკიძემ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბანკის მომხმარებელია.

,,ჩემთვის ცნობილი იყო, რომ სესხის პირობები შეიცვლებოდა, მაგრამ ბანკის თანამშრომელმა დამარწმუნა, რომ ცვლილება უმნიშვნელო იქნებოდა, რაშიც ვენდე. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ მომივიდა წერილობითი შეტყობინება, რომ 2400 ევროს ნაცვლად გადასახდელი მქონდა 5000 ევრო. სიტუაციის გასარკვევად ბანკს მივაშურე, სადაც მითხრეს, რომ 2600 ევრო პროცენტია და ბოლო 3 თვეზე მხოლოდ თანხის ძირი გადავიდა. წარმოუდგენლია ამ თანხის გადახდა უმუშევრობის პირობებში. მოვითხოვ, სესხი ჩვეულებრივად გადამინაწილონ, რა ხელშეკრულებაზეც ხელი მაქვს მოწერილი, ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ", - განაცხადა უკმაყოფილო მომხმარებელმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

რამდენადაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც პანდემიის მეორე ტალღის წინაშეა, ამ მხრივ ვითარება უფრო დამძიმდება და მდგომარეობა ზამთრის დადგომამდე გაუსაძლისი გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×