ტატა შოშიაშვილი
26.09.2020

სომხეთში ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის" ლიდერი გაგიკ ცარუკიანი დააკავეს, რომელსაც აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციონერს სომხეთში 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეთა ხმების მოსყიდვას ედავება.

გარდა ამისა, ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმეა აღძრული - ოპოზიციონერს მიწის უკანონოდ მითვისებასა და საშემოსავლო გადასახადების გადაუხდელობას ედავებიან, რის შედეგადაც სომხეთი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით დაზარალდა.

ოპოზიციონერის ადვოკატი, სამველ დილბანდიანი სასამართლოს მიერ 25 სექტემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაპატიმრებას უკანონოდ აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას სომხეთში ვნებათაღელვა მოჰყვა.

8 ოქტომბრისთვის უკვე დანიშნულია მასობრივი საპროტესტო აქცია, სადაც ცარუკიანის მხარდამჭერები მის ორთვიან პატიმრობას გააპროტესტებენ.

სამი ოპოზიციური პარტია „წარმატებული სომხეთი", „დაშნაკცუტიუნი" და „სამშობლო" ქვეყნის მასშტაბით ერთად გეგმავს 8 ოქტომბერს საპროტესტო აქციის ჩატარებას. მათი თქმით, „ქვეყანაში არსებული ვითარების და ეროვნული ძალაუფლების ახალი ხარისხის ჩამოყალიბების გათვალისწინებით ეს გარდაუვალია".

თავად დაკავებული პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ეს ბრალდებები მის პოლიტიკურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული და თავს პოლტპატიმრად მიიჩნევს.

ივნისის დასაწყისში, სომხეთის პარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელმა, გაგიკ ცარუკიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა მთავრობამ ქვეყნის პოლიტიკური სივრცე და თანამდებობები უნდა დატოვონ.

16 ივნისს, სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცარუკიანისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.

21 ივნისს ერევანის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ცარუკიანის დაპატიმრების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მოგვიანებით შეცვალა გადაწყვეტილება და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს გაუგზავნა შემდგომი გამოძიებისთვის.

მთელი ამ დროის განმავლობაში ცარუკიანი თავისუფალი იყო, ხოლო 25 სექტემბერს კი დააკავეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

გაგიკ ცარუკიანმა ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთი" 2004 წელს დააარსა. სომხეთის ამჟამინდეს პარტლამენტში მის თანაპარტიელებს 132-დან 25 ადგილი აქვს დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×