
12 ივნისს ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. ის 32 წლის იყო. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გახლდათ და რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. გარდაცვალების წინა დღეს ქუთაისში გულის შუნტირების ოპერაციას უფროსი კოლეგის თხოვნით დაესწრო. იმ საბედისწერო დღეს სწორედ ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა… მას ორი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. რეანიმატოლოგი მაკა მიქაძე ,,სარკეს” მეგობრის ხანმოკლე ცხოვრების ამბავს მოუყვა:
"ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი გახლდათ. განსაკუთრებული ადამიანი იყო. ყველას ეხმარებოდა. მთელი გუნდი ზედ გადავყვებოდით პაციენტს, სიკვდილისგან გამოვაძვრენდით და ა.შ. და გონზე მოსულს მხოლოდ ერთი ადამიანი ახსოვდა და ეს იყო გუბაზ კორძაია. პაციენტს რომ გავწერდით, ვერ ისვენებდა, სანამ მის მდგომარეობას არ გაიგებდა, სახლში ურეკავდა.
პაციენტს რეანიმაციიდან რომ განყოფილებაში გადავიყვანდით, ჩავიდოდა, მოიკითხავდა…
არაერთი ადამიანი ჰყავს სიკვდილს გამოგლეჯილი. ისე სწრაფად ჩაერეოდა და ისეთ დახმარებას აღმოუჩენდა შუა ოპერაციისას, სხვა რომ ვერაფრით მოიფიქრებდა", - განაცხადა მაკა მიქაძემ.