
ბავშვები გაცილებით ნაკლებად არიან გამავრცელებლები ამ ვირუსის, ვიდრე მოზრდილები, - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სასწავლო პროცესის აღდგენა დაბალი კლასის მოსწავლეთათვის შესაბამისი პირობებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით საფრთხეს არ წარმოადგენს.
„სწორედ ეს არის განსხვავებული რეკომენდაცია, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე სერიოზული და მრავალრიცხოვანი კვლევის საფუძველზე გამოქვეყნდა, ჩატარებული როგორც ევროპაში, ძალიან დიდი კვლევა ჩატარდა ესპანეთშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ეს რეკომენდაცია ეხება სწორედ მცირე ასაკის ბავშვებს, რომლებიც განიხილებიან როგორც ნაკლებად გადამტანი და გამავრცელებელი ამ ინფექციის.
ამიტომ რეკომენდაცია სწორედ აქედან მოდის, შესაძლებელია სკოლებში სწავლის განახლება, თუ იქნება, რა თქმა უნდა, ეს ელემენტარული პირობები და რეკომენდაციები დაცული, მაშინ რისკი არის მართლაც მინიმალური", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ "რუსთავი 2"-თან.