
ზესტაფონის ინდუსტრიალიზაციის გაძლიერებაზე საუბრისას, რაც პირდაპირ ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, არ უნდა დაგვავიწყდეს ეკოლოგია და აქ უნდა ვიპოვოთ ის ბალანსი, როდესაც სამუშაო ადგილებიც გვჭირდება, საექსპორტო პროდუქციაც და მეტალურგიაც, მაგრამ არა იმის ფასად, რომ ჩვენი მომავალი თაობა და მოხუცები დაავადდნენ ეკოლოგიურად მძიმე ვითარებით. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს მაღალი ხარისხის კომპეტენცია, რომ დავაკმაყოფილოთ ეკოლოგიური სტანდარტებიც და ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი მანგანუმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენისას, ზესტაფონში განაცხადა.
პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ ზესტაფონი ყოველთვის გამორჩეული იყო საქართველოში, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და აქ საუბარი არ არის მხოლოდ მეტალურგიაზე. მისი თქმით, ზესტაფონი ასევე საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ელექტროენერგეტიკის, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ბევრი სხვა მიმართულებით.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა პირველ რიგში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შექმნას შეუწყოს ხელი.