
ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, მათ შორის ჩემს 21 წლის შვილზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება, - ამის შესახებ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, თვალთვალს კრიმინალური პოლიციის გლდანის განყოფილების თანამშრომელი ახორციელებს.
„კონკრეტული ფაქტი, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, კოსტავას და ყაზბეგის გამზირზე ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან, რომლის ნომერიც გვაქვს და ჩემმა ოჯახის წევრებმა და ჩემი შვილის მეგობრებმა ამ მანქანის დაფიქსირება მოასწრეს. რამდენიმე დღიანი კვლევის შედეგად ამოვაგდეთ, რომ ეს მანქანა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს პეტრიაშვილს ეკუთვნის, რომელიც მუშაობს გლდანის განყოფილებაში“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, თვალთვალით, შანტაჟით და ფსიქოლოგიური ზეწოლით ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს.