
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე საქართველოს მასშტაბით 2.63-ს, აჭარის რეგიონში კი 17.1-ს შეადგენს.
მისივე თქმით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება. გამყრელიძის თქმითვე, აჭარა ცხელ წერტილად რჩება. თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს პირველი ნიშანია საქართველოს მასშტაბით შემთხვევების კლების და მნიშვნელოვანია რეკომენდაციიების შესრულება, რათა კლების ტენდენცია როგორმე შენარჩუნდეს.
„ამ ბოლო დღეების განმავლობაში, როცა ყოველდღიური შემთხვევების აღმავალი ზრდა გვქონდა, დღეს პირველი ნიშანი გამოიკვეთა, ოდნავ დაიწია ქვემოთ მრუდმა, როგორც მთლიანად ქვეყანაში, ისე აჭარაში, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ ოდნავ დავმშვიდდებით, თუ ამ მრუდს ექნება მდგრადი ხასიათი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რაზეც ვსაუბროთ და თავი მოგაწყინეთ, ძალაშია და კიდევ უნდა გამკაცრდეს, რომ როგორმე იქნებ ეს მრუდი შევინარჩუნოთ. ამ შემთხვევებიდან კონტაქტები არის 57, ეპიდაფეთქების კერებში დაახლოებით 83 დადასტურდა, სიმპტომებიანი პაციენტია 27, კარანტინსა და თვითიზოლაციაში ორი დადასტურდა, მედპერსონალი გვყავდა ოთხი, იუსტიცია-შსს ხუთი და ერთი მძღოლი იყო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.