
გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ იპოვეს გზა, საიდანაც თამარის მანქანა ტყეში მიიტანეს.
ადვოკატების ცნობით, 23 წლის პროგრამისტის ავტომობილი საკალმახე "ალგეთიდან" სოფელ მაწევანის ტყეში წაიღეს. ადვოკატებმა ადგილის დათვალიერების შემდეგ იპოვეს ალტერნატიული გზა, სადაც მანქანა გაივლიდა, ადგილზე ფარულად მისასვლელად. მათი ინფორმაციით, გზა, რომელიც თავად აღმოაჩინეს, იძლევა შესაძლებლობას, რომ ევაკუატორმა და ავტომობილმა გაიარონ.
ადვოკატები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია თამარ ბაჩალიაშვილი „ვილა ალგეთში” კონსპირაციულ შეხვედრაზე ჩამოსულიყო და ამ გზით მაწევანამდე გადაეყვანათ.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი გაუჩინარების შემდეგ, სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, გოლთეთის ტერიტორიაზე საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.