რეზონანსი
15.09.2020

დაცვის მხარის მტკიცებულების გამოკვლევით განახლდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესს ხუთივე ბრალდებული ესწრება. ადგილზე იმყოფებიან მათი ოჯახის წევრებიც, რომლებიც, როგორც ცნობილია, გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.

ადვოკატების თქმით, საქმის მასალიდან აუცილებლად უნდა ამოიღონ ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები, თუმცა გურამ ამირხანაშვილს, ვახო ახვლედიანს, კოკო ღიბრაძესა და გიორგი ქათამაძეს, ასევე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს, ისინი ამ სახელებით არ მოიხსენებენ და ამბობენ, რომ ესენი არიან ცრუმოწმეები. მათი განცხადებით, პირებმა რამდენჯერმე ჩვენება შეცვალეს და მათი მხრიდან მისი დაზუსტება არ მომხდარა.

"რა ვიდეოჩანაწერიც გვაქვს აფიქსირებს, რომ მანქანაში ჯდება არა ერთი პირი, 3 პირი და ზუსტად ამ ვიდეოჩანაწერის გასუფთავება გვინდა, რომ ნათლად გამოჩნდეს ვინ ჯდება მანქანაში და რამდენი ადამიანი ჯდება. ამასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, დაუშვებლად ცანითო ეს მტკიცებულება. 3 ადამიანი ჯდება მანქანაში და ამას თავად ბრალდებულებიც საუბრობენ და ჩვენებას აძლევენ, ისევე როგორც ვასილ მახარაძე, ასევე დანარჩენი 2 ბრალდებული. რეალურად, არ არის დაინტერესებული დღეს ბრალდების მხარე, რომ რეალობა დაადგინოს და გამოიძიოს რა მოხდა იმ ღამეს," - აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.

ასევე, იურისტები ამბობენ, რომ აუცილებელია იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ამოღებაც, რომელიც ადვოკატების განცხადებით, უკანონოდ არის მოპოვებული. ეს გახლავთ გურამ ამირხანაშვილის საგამოძიებო ექსპერიმენტი და ასევე, იაკობ ბრეგვაძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი.

"ქათამაძე საქმესთან დაკავშირებით არანაირ რელევანტურ ინფორმაციას არ აძლევს, თუმცა მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, როგორც ამირხანაშვილი, ასევე ბრეგვაძე, ღიბრაძე, ასევე ქათამაძე, არ აძლევენ გამოძიებას სწორ ინფორმაციას და ისინი არიან, ჩვენი შეფასებით, ცრუმოწმეები, ბრალდების მოწმეები. ჩავატარეთ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რომლითაც მის მიერ მითითებული დამალვის ადგილი ფაქტობრივად გამოირიცხა," - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

ადვოკატების განცხადებებს და ბრალდებებს, რომლებიც საქმის ოქროს მოწმეების ჩვენებების ამოღებას გულისხმობენ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა უპასუხა. მისი განცხადებით, ადვოკატები ცდილობენ მოსამართლეებს ჩვენებები საქმიდან ამოაღებინონ, ვინაიდან, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ბრალდების წინააღმდეგ.

"დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს ჩვენი მოსმენა უფრო დიდხანს მოუწევს, ვიდრე ჩვენ მათი. რა თქმა უნდა, დავიწყებთ ჩვენი შუამდგომლობებით, რომლებიც ეხება მათი მტკიცებულებების ნუსხიდან ამორიცხვას. ისინი ითხოვენ მოწმეების ამორიცხვას, რომლებიც არ აწყობთ უბრალოდ, სხვა მიზეზი მათ, არ გააჩნიათ. რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს, ჩვენ პასუხიც დასაბუთებული გვაქვს უკვე იმ შუამდგომლობაზე, რომელიც დაცვის მხარემ გადმოგვცა წინა პროცესებზე," - განმარტა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×