
პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექს „ქართულმა ოცნებამ“ ხელი უკვე მოაწერა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი. ქცევის კოდექსი ეხება „ფეიკნიუსების“ გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს“ - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიცავს და ითვალისწინებს მთელ რიგ პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც ცალსახად მისასალმებელია:
„ჩვენ ამ დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულები ვიყავით. გვქონდა რამდენიმე შენიშვნაც, რომლებიც დიდ წილად გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებაზე და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმას და მასზე რეაგირებას. ასევე, ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნებას და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანის გამორიცხვას.
შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიცავს და ითვალისწინებს მთელ რიგ პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც ცალსახად მისასალმებელია და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უერთდება წინამდებარე დოკუმენტს. მას ჩვენი მხრიდან უკვე ხელი მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ქცევის კოდექსში დაფიქსირებული პუნქტების აღსრულება:
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ქცევის კოდექსში დაფიქსირებული პუნქტების რეალურ ცხოვრებაში აღსრულება, რათა მასზე ხელმოწერა უბრალო ფორმალობად არ დარჩეს. აქვე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ“.