
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე დააკავეს. ის დილის 8 საათზე საცხოვრებელი სახილდან აიყვანეს. შსს ხომასურიძის დაკავების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ერთ-ერთია ე.წ. ოქროს მოწმეებზე ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი. ასევე მას გამოძიებისთვის ხელის შეშლას და ფალსიფიცირებული მტკიცებულებების შექნმას ედავებიან.
დაღუპული ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ საუბარია იმ ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებზე, რომელსაც თავის გამოძიებებში „მთავარი არხი“ ეყრდნობოდა. „დიდი შეცდომები დაუშვა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და პასუხისგება მოუწევს. ასევე ტელეფონზე, რომელიც „მთავარმა არხმა“ ატრიალა, ვითომ ამირხანაშვილის მობილური დაიკარგა და 4 მილიონ ადამიანში მათ იპოვეს, კიდევ მსგავსი სისულელეები, როგორც ვიცი, ეს ზ.ხ.-ს მამას უკავშირდება და ამაზეც პასუხისგება მოუწევს“,- აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების, მოწმეთა ჩვენებების, საგამოძიებო ექსპერიმენტების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სს საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.
კერძოდ: ბრალდებული დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა რეგისტრაციის გარეშე, ორი მობილური ტელეფონის და სიმ ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის - გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შსს–ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას და გაგზავნას.
გამოძიებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან - გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.
ამასთან, ბრალდებულმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას. კერძოდ, დაკავებული ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, გიორგი შაქარაშვილის ბიძას - მირიან ნიკოლაძეს. ამ უკანასკნელის მიმართ, ასევე, ის სისტემატურად ახორციელებდა მუქარას სოციალური ქსელის საშუალებით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369(1) მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
დაკავებული თამაზ ხომასურიძის მამა, გიორგი ხომასურიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მისი შვილის ფსიქიკური მდგომარეობა არაჯანსაღია. ამიტომაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ტესტის ჩაატარებას ითხოვს. მამა ამბობს, რომ რაც მისი შვილიშვილი დააკავეს, თამაზ ხომასურიძე უცნაურად და არაადეკვატურად იქცევა, ამიტომაც მისი მუქარა რელობას მოკლებულია.
„არ ვიცი ზუსტად რაზე დააკავეს. დილის 8 საათზე სახლში პოლიცია მოვიდა და წაიყვანეს. როგორც პოლიციელებისგან მოვისმინე ის მუქარის გამო დაიჭირეს. მოვოთხოვ, რომ ჩემი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდეს.
ჩემ შვილს არაფერი დაუშავებია. რაც შვილიშვლი დააკავეს, მისი ჯანმრთელობა შეირყა. ადამიანი ადეკვატური არ არის. დაბადების დღის შემდეგ, სანამ დააკავებდნენ სულ კარგ ხასიათზე იყო, იცინოდა და ფილმებს უყურებდა, ამის შემდეგ კი მისიც და ჩვენი ცხოვრებაც სრულიად შეიცვალა“, - ამბობს დაკავებული თამაზ ხომასურიძის მამა.
ზ.ხ.-ს მამის დაკავების ერთ-ერთ მიზეზად შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე „რეზონანსთან“ მის მიერ შეტანილ განცხადებას ასახელებს. ნიკოლაძე ამბობს, რომ მას დიდი დრო მიეცა იმისთვის, რომ ჭკუაზე მოსულიყო და მის წინააღმდეგ დაწყებული მუქარა დაესრულებინა, თუმცა არ გაჩერდა. ნიკოლაძე ამბობს, რომ მას ასევე გამოძიებისთვის ცრუ ჩვენებები აქვს მიცემული. ასევე შექმნა ფალსიფიცირებული მტკიცებულებები, თითქოს და ერთ-ერთ ე.წ. ოქროს მოწმეს შსს-ს გარკვეული ჩვენების მიცემას აიძულებდა.
„დიდი დრო მიეცა იმისთვის, რომ ადეკვატური გამხდარიყო და აგრესიისთვის თავი დაენებებინა. საბოლოო ჯამში ზ.ხ.-ს მამა ჩემს პირად სივრცეში შემოიჭრა და სოციალურ ქსელში მუქარის წერილებსა და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს მიგზავნიდა, რასაც მას კი არა, არავის არ მოვუთმენ. იმედი ჰქონდა, რომ ამ ყველაფერს თავდაპირველად არასერიოზულად აღვიქვამდი. თუმცა დიდი შეცდომები დაუშვა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და პასუხისგება მოუწევს. ასევე ტელეფონზე, რომელიც „მთავარმა არხმა“ ატრიალა, ვითომ ამირხანაშვილის მობილური დაიკარგა და 4 მილიონ ადამიანში მათ იპოვეს, კიდევ მსგავსი სისულელეები, როგორც ვიცი, ეს ზ.ხ.-ს მამას უკავშირდება და ამაზეც პასუხისგება მოუწევს“,- აცხადებს მირიან ნიკოლაძე.