მარიამ ნებულიშვილი
11.09.2020

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან მძიმდება, კვირის დასაწყისში თუ საშუალოდ ყოველლდღიურად ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, კვირის ბოლოს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. საქართველო მწვანე ზონიდან უკვე ნარინჯისფერში გადავიდა, მოსახლეობა შეზღუდვებზე ალაპარაკდა, თუმცა ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საყოველთაო კარანტისნის გამოცხადების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას. როგორც კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის წევრი და „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, კარანტინი შესაძლებელია ლოკალურად გამოცხადდეს, იქ, სადაც ეპიდაფეთქებებია.

„ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საკარანტინე რეჟიმი, როგორც გამოცდილება გვკარნახობს, ლოკალურად შეიძლება გამოცხადდეს, მაგრამ მასობრივად არა. გარდა ამისა, საკარანტინე დღეების რაოდენობა რვამდე შემცირდა. ეპიდემიოლოგები შემოგვთავაზებენ, აუცილებელია თუ არა სრული საკარანტინე რეჟიმის შემოღება. იმიტომ, რომ დელეგირებული აქვს ეს უფლება ხელისუფალს. ეპიდემიოლოგებს შეუძლიათ ოპერატიულად მართონ სიტუაცია", - ამბობს კახაძე.

საქართველომ 10 სექტემბერს ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყება. 11 სექტემბერს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენბელია. როგორც კახაძე ამბობს, ქვეყანა ახალი შემთხვევებისთვის სრულიად მზადაა და რესურსის პრობლემა არ აქვს.

„საქმე იმაშია, რომ ის მრავალდონიანი ბირთვი, რომელიცაა ოჯახის ექიმი, ცხელების ცენტრი, საკარანტინე ზონა, ჰოსპიტალური სექტორი, მთელი ის სისტემა, რომელიც იყო მაშინ, როდესაც არ ვიცოდით ამ დაავადების ფორმა. მაშინ, ხელისუფალმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და საკოორდინაციო საბჭომ კერძო სექტორთან ურთიერთობით სარეზერვო ადგილები გამოყო. ჩვენ გვქონდა შეკავების საკმაოდ კარგი ფაზა, როდესაც მოხდა მომზადება ამ ყველაფრისთვის. შეიძლება ახლა უფრო რთული ტალღა იყოს, თუმცა სარეზერვო ფონდი გვაქვს, გამოცდილება დაგვიგროვდა, მედპერსონალი გადამზადდა, ადამიანები ჩაერთნენ ამ საქმეში აქტიურად. ამრიგად ახლა კორონავირუსთან შედარებით მარტივად გამკლავება შეიძლება. გარდა ამისა პისიარ ტესტების დიდი რაოდენობა გვაქვს ქვეყანაში. ახალი სამედიცინო აღჭურვილობა, ცდნობიერება ამაღლდა საზოგადოების, ამ ყველაფერის გათვალისწინებით ვითარების მართვა შესაძლებელია", - თქვა კახაძემ.

მისივე თქმით, შემოდგომა განსაკუთრებით საშიშია იმიტომ, რომ პანდემია ემთხვევა სეზონური გრიპების პერიოდს. ამიტომაც კახაძე საზოგადოებას რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს.

„მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ სეზონური გრიპების და ინფექციური აფეთქებების პერიოდია შემოდგომა. კორონავირუსი კია ცალკე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, თუ რა ვირულენტობას შეიძენს სეზონურ გრიპთან ერთად. ამიტომ, ეს საფრთხეებია გასათვალიწინებელი, კორონავირუსი მუდმივად მუტაციას განიცდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც გვთავაზობოენ. ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ ფიზიკური დისტანცია და პირადი ჰიგიენა", - ამბობს ლადო კახაძე „რეზონანსთან".

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებას გაუმკლავდება, საჭიროების შემთხვევაში გაძლიერდება საწოლ-ფონდი.

„მწავნე ზონიდან" გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელები ძალიან დაბალია. ჯერჯერობით, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმ სიტუაციას, რომელიც გვაქვს და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება. პირველი დღიდან ვერტიკალი -სახელმწიფო, მთავრობა, ჯანდაცვა, სამედიცინო სექტორი გაუმკლავდა ყველა შეტევას. ეპიდსიტუაციისას შემთხვევების მკვეთრ მატებას, პერიოდულად ლოკალურ აფეთქებებსაც გავუმკლავდით. დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით. ჯანდაცვის სისტემა მზად არის. საწოლ-ფონდი არსებობს, შემთხვევების მატებასთან ერთად მოხდება საწოლ-ფონდის დამატება და გაძლიერება. სამედიცინო სექტორი მზადაა. სულ მთავრობაზე, ჯანდაცვასა და სამედიცინო სექტორზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით, აქცენტირება უნდა მოხდეს ხალხზე. მთავარია მოქალაქეებს მოვუწოდოთ დაიცვან რეგულაციები, დავარწმუნოთ, რომ ვირუსი არსებობს და არსად წასულა", - განაცხადა ეზუგაბაიამ.

როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ქვეყანაში შემქნილი ეპიდემიოლოგიური მსგომარეობა საყურადღებოა.

„ნამდვილად საყურადღებოა ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ამაზე ის სტატისტიკაც მიუთითებს, რაც ბოლო დღეებში არის შექმნილი. ჩვენ ვხედვათ, რომ ახალი შემთხვევების როდენობა ყოველდღიურად მკვეთრათ იზრდება, რაც აჩენს იმ განცდას, რომ ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა უარესდება, აქედან გამომდინარეობს უკვე ის, რომ აღარ ვართ მწვანე ზონაში. რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩემი აზრით, ის რაც უკვე დაწესებული გავქვს, საკმარისია. აუცილებელია, რომ მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები, აზრი არ აქვს არანაირი შეზღუდვის დაწესებას თუ მას არ დავიცავთ და არ გავითვალისწინებთ. იმისთვის, რომ მაქსიმალური შეზღუდვები არ დაწესდეს, რაც ნამდვილდ ცუდი იქნება ქვეყნისთვის, სჯობს, რომ არსებული რეკომენდაციები გავითვლისინოთ", - თქვა გოგინავამ.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ამ ეტაპზე არ იგეგმება საკარანტინე რეჟიმის შემოღება, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკა კიდევე რთი ჩაკეტვით გამოწვეულ დარტყმას ვერ გაუძებს.

ალექსანდრე გოგინავა, განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ამ ეტაპზე საგანდებო მდგომარეობის და მკაცრი კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არის.

„თვითონ ვირუსი მეტად შესუსტდა და ისეთი აგრესიული მიმდინარეობა საბედნიეროდ აღარ აქვს, როგორიც ჰქონდა დასაწყისში, მეორე ის, რომ ვირუსის შესახებ ბევრად მეტი ინფორმაცია გვაქვს და პაციენტების მართვა ბევრად უფრო ეფექტურად ხდება. გარდა ამისა, ის შეზღუდვები, რომელმაც ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები გამოიწვია, მეორედ ვერ დაწესდება, რადგანაც ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებს. ამიტომ, ჩვენი ბრძოლის იარაღი უნდა იყოს თვითშეგნება. მინიმალური შეზღუდვებით და მაქსიმალური თვითშეგენბით უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდსიტუაცია და ამ რადიკალურ ზომებს, მივმართოთ მხოლოდ იმ შემთვევაში თუ სხვა გამოსავალი არ იქნება", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან".

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×