
საქართველოში პანდემიის დასაწყისთან შედარებით მძიმე პაციენტების წილი მეტ-ნაკლებად შემცირებულია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მთელ მსოფლიოში მზარდია, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლები იკლებს, ასეთივე ტენდენცია შეინიშნება საქართველოშიც.
„ჩვენთანაც, პანდემიის დასაწყისთან შედარებით, მძიმე პაციენტების წილი მეტ-ნაკლებად შემცირებულია. ამის მიზეზია ის, რომ ვირუსი ნაკლებ აგრესიული გახდა და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ასეთი რამ ეპიდემიის დროს ვირუსებს ახასიათებს და მეორე, ახლა კორონავირუსის შესახებ სულ სხვა ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე გვქონდა ვირუსის დასაწყისში, ამიტომ დაავადების მართვა, მენეჯმენტი, თუ რას შეიძლება ველოდოთ, ბევრად უფრო უკეთ ვიცით, ვიდრე 4 თვის წინ, ამიტომ ამ კომპლექსურობამ მოგვცა, რომ შედარებით ნაკლები ლეტალობა გვაქვს", - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.