
ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საწოლფონდი საკმარისია, საველე ჰოსპიტლების მოწყობა საჭირო არ გახდება.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, ქვეყანაში ამ ეტაპზე კოვიდპაციენტებისთვის 670 საწოლია გამოყოფილი და საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა გაიზრდება.
„საერთოდ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ ერთ-ერთი კრიტიკა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს საწოლფონდი იმაზე ჭარბი, ვიდრე სჭირდება. დღეს ჩვენ კოვიდის მიზნებისთვის გათავისუფლებული და მობილიზებული გვაქვს 670 საწოლი, რაც არის მხოლოდ მცირე ნაწილი ქვეყანაში არსებული საწოლფონდის, ქვეყანაში 15 ათასი საწოლია. როდესაც გვქონდა გაზაფხულის პერიოდში მობილიზება, მაშინ მობილიზებული იყო 1200 საწოლი. შემდეგ ამის საჭიროება აღარ იყო და ეს კლინიკები დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას. დღეს მობილიზების რეჟიში მუდმივად რჩება დაახლოებით 4 ათასამდე სამედიცინო დაწესებულება და ამ დაწესებულებების ჩართვა კოვიდის პროგრამაში მოხდება პაციენტების ზრდასთან ერთად. დღეს ჩვენ აქტიური პაციენტი გვყავს 450-ზე ოდნავ მეტი, ამდენად, 670 საწოლი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ 450 პაციენტს გაუწიოს სრული მომსახურება, თუ საჭირო გახდება, კლინიკები, რომელიც მობილიზებულია და აქვს გამოცდილება, დაემატება პროგრამას. ამ შემთხვევაში არ არის საკითხი იმაზე, რომ საწოლფონდი საკმარისი არაა", - განაცხადა გაბუნიამ გადაცება „დღის ნიუსრუმში"
ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საკმარისი რაოდენობითაა ხელოვნური სუნთქვის აპარატებიც.
„სუნთქვის აპარატები საკმარისი იყო, თუმცა 200-მდე ახალი მანქანაა შეძენილი, რომელიც არის სარეზერვო და კიდევ არის დაგეგმილი, რომ მოხდეს დამატებითი აღჭურვილობის შეძენა",- დასძინა მან.