რეზონანსი
10.09.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში რამდენიმე დღის წინ გამართული ქორწილის შემდეგ ცაგერში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა და ამ კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევები ზუგდიდში და ქუთაისში ფიქსირდება.

„საყურადღებოა ცაგერის მუნიციპალიტეტის კლასტერი, რომელიც დაკავშირებული იყო რამდენიმე დღის წინ დიდ საქორწილო ღონისძიებასთან, რომელიც ჩატარდა თბილისში და იქიდან დღეს გვაქვს თვითონ ცაგერში 12 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 5 ამ საბედნიერო სუფრის მონაწილე იყო და დანარჩენი მასთან კონტაქტები. ეს კლასტერი ცაგერს გარეთაც გავიდა და ამ კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევები გვაქვს ქუთაისში და ზუგდიდში და ერთიანად ეს არის დაახლოებით 18 შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ამ სადღესასწაულო ღონისძიებას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ამ ტიპის ღონისძიებები ძალიან დიდი რისკია.

„დროებით თავი უნდა შევიკავოთ ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან, რადგან ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ასეთი დიდი ღონისძიებებიდან გვაქვს ჩამოყალიბებული შესაბამისი კლასტერული ჯგუფები. მე მესმის რთულია ადამიანებისთვის ამ ყველაფრის ახსნა, როდესაც ისინი ემზადებიან ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის, მაგრამ გთხოვთ უმორჩილესად, რადგან ამ ტიპის ღონისძიებები ძალიან დიდი რისკია, შევიკავოთ თავი", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×