რეზონანსი
10.09.2020

ინფექციონისტები კორონავირუსის მეორე ტალღას ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან. როგორც ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უთხრა, სწორედ ამ დროს აქტიურდება სეზონური გრიპიც და მოსალოდნელია ორივე ვირუსული ინფექციის თანხვედრა.

"ეს არ არის მეორე ტალღა, მეორე ტალღა იქნება, როდესაც ზამთრის სეზონი მოვა. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვებში, როდესაც მოხდება სეზონური ინფექციების თანხვედრა კოვიდ 19-თან, შემდეგ იქნება მეორე ტალღაზე საუბარი მოსალოდნელი. ამ ეტაპზე გვაქვს მატება, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს შიდა ტურიზმთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ათეული შემთხვევების მატება სამედიცინო სექტორს მძიმე ტვირთად არ დააწვება და ამას ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება. მთავარია ასეულობით არ დაგვეწყოს შემთხვევების ზრდა და როგორმე არსებული შემთხვევების რაოდენობის შეკავება გვჭირდება. ჩვენი თავდაცვა განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს, რეგულაციები უნდა შესრულდეს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობს, ეზუგბაია ამბობს, რომ ინფიცირების მაჩვენებლების ყოველდღიური ზრდა ძირითადად შიდა ტურიზმს უკავშირდება. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ეპიდაფეთქების ძირითადი კერები სვანეთი და აჭარა იყო. ინფიცირებულთა მაჩვენებელიც ამის გამო იზრდება.

ეზუგბაიას თქმით, დღიურად ათეული შემთხვევებით მატებას სამედიცინო სექტორი გაუძლებს და ახლა მთავარია შემთხვევები ასეულობით არ იყოს.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×