
კომპანია თბილისის მიკროავტობუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კომპანია მოსახლეობას მიმართავს, არ იმგზავრონ ფეხზე დამდგარმა და გამოიყენონ პირბადეები. მძღოლები რომლებიც რეკომენდაციებს არ დაიცავენ, ხაზიდან მოიხსნებიან.
"კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, არ იმგზავროს ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, ორივე შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.
უსაფრთხოების წესების დაცვის თხოვნით მომხმარებელს ასევე მიმართავენ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, რადგან ისინი, ვინც ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩაანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით.
თბილისის მიკროავტობუსი კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" - წერია განცხადებაში.