
პანდემია არ დამთავრდება ერთ თვეში, ან თუნდაც ნახევარ წელში, ის დაახლოებით ერთი წელიწადი, წელიწადნახევარი გაგრძელდება, ამიტომ ღონისძიებებზე და დიდ თავშეყრებზე უარი უნდა ვთქვათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს ის, რომ გარკვეული პერიოდი თავი შევიკავოთ მასშტაბური ღონისძიებებისგან.
„მთავარი გავრცელების წყარო გახლავთ დაუცველი, არაპრევენციული თავშეყრა, როდესაც ჩვენ ყოველგვარი დაცვის გარეშე, იგივე პირბადის, თუ დისტანციის დაცვის გარეშე ჩვენ გვაქვს 300 და 400 კაციანი სადღესასწაულო თუ ჭირის სუფრა. გურიაში 8 შემთხვევა, ცაგერში 5 შემთხვევა და დღეს კიდევ დაემატა, დაკავშირებულია ქორწილის დიდ სუფრასთან. ამიტომ, გავითავისოთ ის, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდი თავი უნდა შევიკავოთ ამ ტიპის ღონისძიებებისგან. ბათუმში ამ ზაფხულში კლუბებში იკრიბებოდა 1000-2000 ადამიანი. კარგია გართობა, რა ჯობია ამას, მაგრამ პანდემიაა. 27 მილიონი ადამიანი უკვე ინფიცირებულია მსოფლიოში, 900 ათასი სამწუხაროდ უკვე გარდაიცვალა და პროგნოზია სიკვდილიანობის ზრდის არასახარბიელო, ამიტომ ეს ყველაფერი სახუმარო ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.