
სამშაბათს, 8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა - 45 ახალი შემთხვევა 24 საათში. ამის მიუხედავად, სპეციალისტთა უმრავლესობა მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს, რადგანაც ახალი შემთხვევების მატება სხვადასხვა რეგიონებში მიკრო „აფეთქებების" ხარჯზე ხდება და მასობრივი თავშეყრის კონკრეტულ შემთხვევებს უკავშირდება. „რეზონანსთან" ისინი ყოველდღიური ახალი შემთხვევების იმ რაოდენობასაც ასახელებენ, რომლის დაფიქსირების შემდეგაც საყოველთაო კარანტინი აღდგება.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელი მარინა ენდელაძე აცხადებს, თუ თავშეყრები და მჭიდრო კონტაქტები ისევ გაგრძელდა შესაძლოა დღის წესრიგში კარანტინის გამოცხადების საკითხი ისევ დადგეს.
„კორონავირუსის შემთხვევები ძალიან სწრაფად იმატებს. ძალიან გავთამამდით. მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება ჯგუფური თავშეყრები და დიდი ქორწილების ჩატარება. მჭიდრო კონტაქტები განაპირობებს იმას, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს.
„45 შემთხვევის დაფიქსირება ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯერჯერობით, კარანტინის გამოცხადებაზე საუბარი არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს კარანტინის გამოცხადების საკითხი.
„იმ შემთხვევაში, თუ არ დავიცავით რეკომენდაციებს, მალე მივალთ კარანტინამდე. თქვენ წარმოიდგინეთ 45 ახალ ინფიცირებულს რამდენი კონტაქტი ექნებოდა, იმ კონტაქტებს კიდევ რამდენი კონტაქტი ეყოლებოდა. თუ ასე გავაგრძელეთ, პიკური ზრდა უფრო მალე იქნება და არა ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში", - განაცხადა ენდელაძემ.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან" აცხადებს, რომ კარანტინის შემოღების საკითხი იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუ ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ასეული იქნება.
„არ ვთლი, რომ ამ მონაცემების გამო, ქვეყანაში კარანტინი უნდა გამოცხადდეს. თუ ძალიან მატება იქნა, რა თქმა უნდა, კარანტინი გამოცხადდება. იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში კორონავირუსის რამოდენიმე ასეულ შემთხვევამდე ავედით, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს კარანტინის გამოცხადება", - განაცხადა გოგინავამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი „რეზონანსთან" საუბრისას საზოგადოებას აიმედებს, რომ სიტუაცია სრულიად მართვადია და კარატინის გამოცხადება არ იგეგმება.
„არ ინერვიულოთ, არავითარი კარანტინი, სიტუაცია სრულიად მართვადია" - განუცხადა გამყრელიძემ „რეზონანსს".
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საყოველთაო კარანტინის შემოღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ქვეყანა დღეში ასობით შემთხვევაზე გადავა. ხოლო 45 ინფიცირებული კი, მისი აზრით, ამისთვის საკმარისი რაოდენობა არაა.
„45 ჯერ ისეთი რაოდენობა არაა. აქ მაინც გარკვეულ შემოსაზღვრულ არეალთანაა დაკავშირებული, აქ კონკრეტული კერებია და მასობრივი გავრცელება არაა. შესაბამისად, არ მგონია, რომ კარანტინის და საყოველთაო შეზღუდვების საჭიროება იყოს. ასე რომ, ჩემი აზრით, ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშანია, რომ კორონავირუსის პანდემია არსად წასულა და რომ ის წესები, პირბადის ტარება თუ სოციალური დისტაციის დაცვა, მხოლოდ ფორმალობა არაა.
„დახურულ სივრცეებში დიდ ქორწილებს და თავყრილობების იმ აფეთქებებამდე პირდაპირ მივყავართ, რაც ჩვენ ახლა გვაქვს.
„არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომ ეს ერთეული შემთხვევები, ან კლასტერების შემთხვევები, ანუ გარკვეულ კერასთან ან მოვლენასთან დაკავშირებული შემთხვევები, საყოველთაო შეზღუდვების საჭიროებას არ ქმნის. აქ მთავარი თითოეული შემთხვევის კონტაქტების სრულყოფილად მიკვლევა და შესაბამისი იზოლაციაა.
„როდესაც უკვე სხვადასხვა კუთხეში მასობრივად უცნობი წყაროებიდან გადადება მოხდება და დღეში ასობით შემთხვევაზე გადავალთ, მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო მკაცრ შეზღუდვებზე უნდა ვიფიქროთ. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, საყოველთაო შეზღუდვების საჭიროება არაა. ლოკალურადაა რაღაც გადაწყვეტილებები მისაღები, რაც, ჩემი აზრით, მიიღება.
„მთავარი მომეტი ისაა, რომ ადამიანები ფრთხილად იყვნენ. თან მითუმეტეს, რომ გრიპის სეზონი გვიახლოვდება და უკვე ძალიან რთული გასარჩევი იქნება გრიპია თუ კოვიდ ინფექცია და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ორივე ერთადაც იყოს", - განაცხადა ზოიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.