
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური სახე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჯერ ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში, რადგან ათზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარა წითელი ზონაა, ამიტომ იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციის შესრულება, აღსრულება, მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი დაინფიცირდა.