
იყო თუ არა ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილი უცხო დნმ-ს ნიმუშები და რა დროს გაჩნდა სისხლის კვალი - მთავარი პროკურატურა პასუხობს, რომ მანქანაში უცხო პირის დნმ-ს ნიმუში არ აღმოჩნდა, თუმცა, პროკურატურისავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში გოგონას სისხლის წვეთები იყო პირბადეზე, რომელიც იდო მაგნიტოფონის ქვევით.
ექპერტების დასკვნით, სისხლის წვეთები თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა. თამარ ბაჩალიაშვილის სისხლი აღმოჩნდა ასევე უკანა მარჯვენა ხალიჩაზე, მობილური ტელეფონის ორივე მხარეს, სისხლის კვალი იპოვეს უკანა მარცხენა სავარძლის წინ ხალიჩაზე არსებულ ორ ცალ თეთრი ფერის სპორტულ ფეხსაცმელზე. ეს სისხლიც თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.
უცნობია, როდინდელია სისხლის წვეთები, რატომ არის ბაჩალიაშვილის სისხლი თავის ავტომობილში სხვადასხვა ადგილას, როგორ მოხვდა ის მაგნიტოფონის ქვეშ შენახულ პირბადეზე, რამ გამოიწვია სისხლდენა.
რაც შეეხება დნმ-ებს. პროკურორმა ასევე არაფერი თქვა, რომ ავტომობილში სხვა ადამიანების გენეტიკური ინფორმაციაც იპოვეს. მაგალითად, პირბადეზე, თამარის სისხლის წვეთების გარდა, აღმოჩენილია უცნობი მამაკაცის დნმ, რომელიც არ შიძლება იყოს თამარის ბიოლოგიური ნათესავი. სიჩქარის გადამრთველ კოლოფზე თამარის დნმ-სთან ერთად მდედრობითი სქესის კიდევ ერთი ადამიანის დნმ-აა, რომელიც შეიძლება, თამარის ბიოლოგიური ნათესავის იყოს.
თამარის დედა ამბობს, რომ წინა დღეს იჯდა შვილის ავტომობილში და მისი დნმ აუცილებლად იქნებოდა მანქანაში, მაგრამ გამოძიებამ დღემდე დაზუსტებით არც ის თქვა, სიჩქარის კოლოფზე არსებული დნმ ეკუთვნის თუ არა გოგონას დედას, თეონა თამაზაშვილს.
მანქანის სალონის წინა სათავსოს სახელურზე, ელექტროშოკზე, ტუბზე იპოვეს ასევე მამაკაცის დნმ, რომელიც განსხვავდება პირბადეზე არსებული მამაკაცის დნმ-სგან. ექსპერტებმა ამ დნმ-ს კუთვნილება მათთან არსებული დნმ-ების ბაზის მიხედვით ვერ დაადგინეს.
მანქანაში ასევე ნაპოვნია სხვა დნმ-ს დაზიანებული ნიმუშები, რომელთა კვალიც იმდენად უხარისხოა, რომ მათი შემდგომი კვლევა შუძლებელია.
ბაჩალიაშვილების ოჯახი დარწმუნებულია, რომ სისხლის კვალი თამარ ბაჩალიაშვილის იძულების დროს გაჩნდა, რომ მას მიეღო პრეპარატები. პროგრამისტის დედა მიუთითებს, რომ თავის შვილს სუსტი კაპილარები ჰქონდა და შესაძლოა, წამლის მიღების დროს სისხლი ცხვირიდან წამოუვიდა.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროგრამისტის ახლო მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებებს ასაჯაროებს, სადაც, რამიშვილის თქმით, დეა კაპანაძე გამოძიებას სხვდასხვა დროს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის.
რამიშვილს ეჭვი აქვს, რომ დეა კაპანაძე და პროკურატურა თანამშრომლობენ და გამოძიება საკუთარი ვერსიის - თვითმკვლელობის გამყარებას სწორედ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობრის ჩვენებებით ცდილობს.
დეა კაპანაძე ერთ-ერთ ჩვენებაში ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სუიციდი რამდენჯერმე სცადა. ის იმ მეთოდებსაც ასახელებს, რა გზითაც თამარი თავის მოკვლას ცდილობდა.
ერთ-ერთ პირველ ჩვენებაში კაპანაძე წერს, რომ წარსულში, თამარ ბაჩალიაშვილის სუიციდის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მათი საერთო მეგობრისა და თანაკლასელისგან მიიღო, ხოლო მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მომხდარის შესახებ თავად თამარმა უამბო.
თამარის მეგობარი გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილი ვინმეს თხოვნით ქალაქიდან გასულიყო. ამის მიზეზად დეა კაპანაძე ამბობს, რომ თამარი მშიშარა ადამიანი იყო.
ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ადამიანს, რომელიც თვითმკვლელობას აპირებს, ასეთი თავდაცვის მიზანი არ უნდა ჰქონდეს და ქუჩაშიც კი პირბადით არ უნდა გადაადგილდებოდეს. ის იმაზე არ უნდა დარდობდეს, რომ ვირუსი არ გაუჩნდეს და ჯამრთელობის პრობლემები არ შეექმნას. რამიშვილი ამბობს, რომ უცნაურია, ადამიანი თვითმკვლელობის წინ ასე ყველაფერს სკრუპულოზურად ასუფთავებდეს. ტელეფონიდან წაშლილია ყველა ის ინფორმაცია, რომლებიც ბოლო დღეების კონტაქტებს შეეხება.
წაშლილია აპლიკაციები და მიმოწერები, გასუფთავებულია მეილი და კომპიუტერი, სადაც თამარის ბოლო დღეების მიმოწერებია გამქრალი. რამიშვილი აცხადებს, რომ დამატებითი კითხვები წყალში გახსნილ პრეპარატებთან არის. სად დაფხვნა მან ეს წამლები, ამის არანაირი კვალი ავტომობილში არ ჩანს. ამდენ პრეპარატს ასე წყალში სწრაფად ვერ გახსნიდა და მას გარკვეული დროც სჭირდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი ასე იჯდა და თვითმკვლელობა მაინც არ გადაიფიქრა, როდესაც ეს განზრახვა ფსიქოლოგიურად დადასტურებულია, რომ აფექტურია და დროის გასვლასთან ერთად შესაძლოა, ამის ჩადენა აღარც მოგინდეს. მაშინ რამიშვილი პროკურატურას სთხოვს, ახსნას ის უცნაური გარემოებები, რომლებიც ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობამდეა ჩადენილი, როგორც ამას ამტკიცებენ.
„ადამიანი თვითმკვლელობას აპირებს და წამლების შესაძენად ფასდაკლების ბარათს იყენებს, ასევე გასახდომ ჩაის ყიდულობს. როდესაც ადამიანს ყველაფერზე ხაზი აქვს გადასმული, მაშინ ამდენ რამეზე რატომ ფიქრობს?
“ახლა გამოძიებამ დაადგინოს, რომელ აფთიაქში რა რაოდენობის წამალი იყიდა, იყიდა ეს ერთიანად თუ - სხვადასხვა ადგილას. ადამიანი რომ შესახვედრად მიდის, ხომ შეიძლება, ვიღაც „ახლობელმა“ სთხოვა, ამ დასახელების პრეპარატები აქ, რაიონში არ იყიდება და მაქედან გამომიყოლეო. წინასწარ, თვითმკვლელობის მომზადების ვერსიისთვის, არ არის გამორიცხული, შეიძლება, ვიღაცამ ეს სპეციალურად დაავალა.
“რაც შეეხება ტელეფონში მიმოწერებს, გარდაცვალების დღეს ხომ არ დაურეკა ვინმემ? ეს ყველა ინფორმაცია წაშლილია. “whatsapp”-ი და სხვა აპლიკაციებიც წაშლილია. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ მასთან კომუნიკაცია ამ აპლიკაციით ხდებოდა.
“რაც შეეხება ბოთლში წყალში გახსნილ პრეპარატებს. როგორ დაფხვნა, რით ჩაყარა ან სხვა რაიმე კვალი ავტომობილში არსად არ არის. ამდენი რაოდენობის პრეპარატი წყალში რომ ჩაყარო, ასე მალე არ გაიხსნება. ამას საათები დასჭირდება. ეს ყველაფერი სადღაც უნდა დაფხვნა, ან შენობაში, ან სხვაგან სადმე.
“მაგრამ ამ ფირფიტებს ჩანთაში ასევე ლამაზად ხომ არ ჩაალაგებ? იქვე სადმე დაყრი. რატომ ფიქრობს თვითმკვლელი ადამიანი ამდენს, რომ კვალი თავადვე გააქროს? ავტომობილში ნივთიერებების კვალი არ არის. მაშინ გაგვცეს გამოძიებამ პასუხი, სად დაფხვნა?“ - ამბობს რამიშვილი „რეზონანსთან“.
რაც შეეხება ავტომობილში აღმოჩენილი დნმ-ს სხვა კვალის შესახებ, რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ ამაზე აქცენტი იმიტომ არ გააკეთა, რადგანაც ცდილობენ, ყველაფერი დროში გაწელონ და თვითმკვლელობის ვერსიისთვის საზოგადოების აზრს ამუშავებენ.
რამიშვილის თქმით, მას პროკურატურა ეუბნება, რომ ამ ყველაფრის დადგენაზე მუშაობენ, თუმცა რა დრო სჭირდებათ და პასუხს რამდენ ხანში გასცემენ, ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატი იმასაც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ბაჩალიაშვილის მაგივრად საჭესთან სხვა ადამიანი იჯდა, ვინც სოფელ მაწევანსა და გოლთეთში გადაადგილდებოდა და ის ადგილობრივებმა დაინახეს. ასე ხსნის რამიშვილი გადაცემის კოლოფზე აღმოჩენილ უცნობ დნმ-ს კვალს, რომელიც ქალს ეკუთვნის.
რამიშვილი აცხადებს, რომ გამორიცხულია, კოქტეილის შესახებ, რომელიც ბაჩალიაშვილმა, გამოძიების მტკიცებულებით, მედიკამენტებისგან დაამზადა და მიიღო, გოგონას სცოდნოდა, რომ ის სხეულის სწრაფ ლპობას იწვევს.
ადვოკატი ამბობს, რომ მან ამის შესახებ ამერიკელ პროფესორთან ისაუბრა, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მსგავსი რამის მოძიება „გუგლის“ მეშვეობით მომხდარიყო. ეს გარემოება მხოლოდ საკმაოდ გამოცდილ და პროფესიონალ ადამიანს უნდა სცოდნოდა, რომელიც ამის შესახებ გარკვეულ ცოდნას ფლობს.